Financial Times – დონალდ ტრამპის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შექმნის უფლებას მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების ნებართვას, – ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, FT-თან სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და დასძინა, რომ ამ საკითხს განიხილავენ.
„ეს ძალიან არაჩვეულებრივი იარაღია და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვის ვაძლევთ ლიცენზიებს. ჩვენ რეალურად არ გავცემთ აღჭურვილობის ლიცენზიას“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრამ „კარგად“ ჩაიარა და რომ ორმა ლიდერმა Patriot-ის რაკეტების წარმოება და რამდენიმე სხვა საკითხი განიხილა. მისი თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის ლიცენზიების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ივლისის დასაწყისში, თურქეთში ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს.