უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა

უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინამ შავ და აზოვის ზღვებში წარმატებული იერიშები მიიტანა.
„დარტყმა განხორციელდა სანქცირებულ რუსულ კონტეინერმზიდ Yanina-ზე, რომლის ტევადობაც 100000 ტონაზე მეტია. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით, იგი ფსკერზე გაიგზავნა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ასევე, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს.
„ასევე, დარტყმა განხორციელდა ბაშკირეთში მდებარე სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სამიზნეები საზღვრიდან 1600 კილომეტრშია. ეს ქარხნები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.