მერაბ დვალიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ცნობილია მისი ვინაობა

მერაბ დვალიშვილმა იუთუბის საკუთარ არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს სიახლეები აცნობა. „მანქანას“ ახალი კერძო მწვრთნელი ჰყავს და ჯესი დოილი მას ჭიდაობაში ავარჯიშებს.
„დღევანდელმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. კონკრეტულ პოზიციებზე ვიმუშავეთ, რომლებიც პიოტრ იანთან ჩხუბისთვის დამეხმარება. ეს ჩემთვის მოსამზადებელი კემპივითაა. ბევრს ვლაპარაკობთ და ჭკვიანურად ვვარჯიშობთ, ეს კი სწორედ ისაა, რაც მჭირდება.
იანთან ბოლო ჩხუბის წინ ბევრს ვვარჯიშობდი, ახლა კი ჭკვიანურად ვვარჯიშობ. ვფიქრობ, მომდევნო ორთაბრძოლაში სხვანაირი შედეგი გვექნება და ჩემს საჩემპიონო ქამარს დავიბრუნებ“, – განაცხადა დვალიშვილმა.
„დღეს მერაბთან გალიის ღობესთან პოზიციებზე ვიმუშავებთ. პარტერში გადაყვანის მოძრაობებს, ზურგის აღებასა და ფინიშებს დავამუშავებთ. გვექნება ბევრი გრეპლინგი, თეიქდაუნები და თეიქდაუნების გამოყენება სტრაიკინგისთვის. მერაბი მრავალმხრივი მებრძოლია და საინტერესო იქნება“, – აღნიშნა დოილმა.