მედია – დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა მუშაობა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სარატოვში მდებარე “როსნეფტის” ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულიად შეაჩერა მუშაობა დრონებით თავდასხმის შედეგად, რომელმაც საწარმოო ობიექტები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.
2 აგვისტოდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არ მუშაობს ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთადერთი დანადგარი და მის აღდგენას შესაძლოა 2-3 კვირა დასჭირდეს.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 7 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ყოველწლიურად ის 1 მილიონ ტონა ბენზინსა და დაახლოებით 2 მილიონ ტონა დიზელს უშვებს.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან ეს უკვე მეორე დიდი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელმაც მუშაობა შეაჩერა. 3 აგვისტოს მუშაობა შეაჩერა “ლუკოილის” ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 5%-ს შეადგენს.