სტუ-ის რექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. თითოეული მათგანის სახელი დარჩება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც ღირსების, ვაჟკაცობისა და თავდადების სიმბოლო. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრება. დღეს ჩვენ არა მხოლოდ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, არამედ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობასაც, რომელიც მათ ხსოვნას თან ახლავს – გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ვაშენოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სტუდენტებმა საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი არჩევანი და პასუხისმგებლობა არის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც ეფუძნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მშვიდობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რადგან მხოლოდ მშვიდობიან გარემოში არის შესაძლებელი განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისკენ. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ახორციელებენ. თანმიმდევრული მშვიდობის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება, გვაძლევს იმედს, რომ მომავალში საქართველო აღარ იხილავს ომისა და ძალადობის ტრაგიკულ შედეგებს და ჩვენი შვილები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში. სამაჩაბლოს დარად არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი. ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ მომავალ თაობებს ვასწავლოთ არა მხოლოდ 2008 წლის ომის ტრაგიკული ისტორია, არამედ ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაც ჩვენმა გმირებმა უმაღლესი მსხვერპლი გაიღეს. მათი ხსოვნა გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გაძლიერება და მომავლის შექმნა არის ის გზა, რომლითაც პატივს მივაგებთ მათ თავდადებას“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
ინფორმაციისთვის: 412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი – ამ შედეგით დასრულდა 18 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.