მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 19:02
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ლევან ვეფხვაძე – ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს მოწმეები რუსეთში ჰყავთ გამოკითხული – რიგი მტკიცებულებები კანონის დარღვევითაა მოპოვებული, რის გამოც პროკურატურა მათ დაუშვებლად ცნობას მოითხოვს

IPN.ge 10 აგვისტო, 2026 · 16:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს საქმეზე მოწმეები რუსეთის ფედერაციაში ჰყავთ გამოკითხული.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული, რის გამოც, პროკურატურა მათ დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

“რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მიმართ არსებულ საქმეს, აღნიშნულ საქმეზეც დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ყველა მოწმის ჩვენება, წერილობითი მტკიცებულებები, გამოთხოვილი იქნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები, გამოთხოვილი იქნა მის მობილურ ტელეფონზე დეტალური ინფორმაცია, დათვალიერებულია და საქმეზეა წარმოდგენილი. ეს მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ყველა ამ მტკიცებულებას ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და ერთობლიობაში შეაფასებს.

ბრალდების მხარეს დაცვის მხარემ რიგი მტკიცებულებები გაუცვალა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე, კომპიუტერული მონაცემი, რაც ბრალდების მხარის შეფასებით, კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. აქვე დავძენ, ეს მტკიცებულებები არაფერს ადასტურებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველა მტკიცებულება კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული, ბრალდების მხარე რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი – გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის “ნ” ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.

რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.