“წალენჯიხიდან ამერიკამდე”- FLEX- ის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა არტ-მეურნეობაში

FLEX-ის პროგრამის სააპლიკაციო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, FLEX 2025-2026 პროგრამის ფინალისტებმა, წალენჯიხელმა ახალგაზრდებმა – საბა კაკუბავამ და ნია გოგოხიამ, არტ-მეურნეობაში თანატოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული რჩევები მისცეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორია ამერიკულ სკოლაში სწავლა, ცხოვრება მასპინძელ ოჯახში და სრულიად განსხვავებულ კულტურულ გარემოსთან ადაპტაცია.

მათ აუდიტორიას ის შტატები და ქალაქები გააცნეს, სადაც თავად ცხოვრობდნენ. ისაუბრეს განათლების სისტემის განსხვავებებზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც FLEX-ის მონაწილეებს ეძლევათ.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო FLEX-ის აპლიკაციის პროცესს. ფინალისტებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები განაცხადის შევსების, ესეების წერის და შერჩევის ეტაპების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრამ, რომელიც წალენჯიხის არტ-მეურნეობაში გაიმართა, ადგილობრივ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრას სამი სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
როგორ მოვემზადო FLEX-ის პროგრამისთვის; რა ეტაპებს მოიცავს სააპლიკაციო პროცესი; როგორია ცხოვრება მასპინძელ ოჯახში; რას უნდა ელოდო ამერიკულ სკოლაში და როგორია ყოველდღიური ცხოვრება აშშ-ში; როგორ გადალახო გამოწვევები და მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობა.

წალენჯიხელმა ახალგაზრდებმა დღეს ყველა ამ კითხვაზე გამოცდილებით დადასტურებული პასუხი მიიღეს.
წალენჯიხის არტ-მეურნეობაში, რომელიც 4 წლის წინ მამუკა ხაზარაძის ძალისხმევით გაიხსნა, საგანმანათლებლო, სპორტული და სახელოვნებო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და სულ უფრო მეტი ადგილობრივი ახალგაზრდის დაინტერესებას იწვევს. არტ-მეურნეობაში ახალგაზრდებისთვის ყველა სააწავლო პროექტი სრულიად უფასოა.

NS