მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის შემდეგ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან ელჩი გაიწვია

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია , – ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო უწყებამ 9 აგვისტოს შტეფან-ვოდას რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული ინციდენტი დაგმო.
„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, რამაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატს „დრონი-რაკეტა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ტიპის მოწყობილობა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.