მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 14:47
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას AMD Sigma შეიმუშავებს

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 11:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

„აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ვაზიანის აეროდრომზე პირველი საველე ვიზიტი უკვე განახორციელეს, შეისწავლეს ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.

„დღეს კომპანიის წარმომადგენლები პირველად იყვნენ საველე გასვლაზე ვაზიანის აეროდრომზე. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია შეისწავლეს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. AMD Sigma-ს წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ შესამუშავებელი დოკუმენტი იყოს სრულყოფილი. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ძირეული და მთავარი იქნება ახალი აეროპორტის განვითარებისათვის, რათა ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს“, – აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისივე თქმით, AMD Sigma-ს ექსპერტები პროექტთან დაკავშირებულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან.

„შეხვედრებისა და საველე ვიზიტის მიზანია არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შეფასება და დაინტერესებული მხარეების ხედვების გათვალისწინებით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა.

AMD Sigma არის გერმანული, ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში. კომპანია 2019 წლიდან Munich Airport International-ის შემადგენლობაშია“, – ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.