მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 14:47
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 12:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოში დღეს დიდგორობა აღინიშნება – 1121 წლის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა. ტრადიციულად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული იმართება.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროები დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

“დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის გამტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა მისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძველზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

საუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

“დიდგორობა 2026-ის” ფარგლებში იმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.