მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 14:47
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 12:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა შავი ზღვის ეკონომიკურ ზონაში, ოფშორული გაზის პროექტ Neptun Deep-ის სიახლოვეს მოძრავი „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნატოს წევრ რუმინეთს უკრაინასთან 614-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის დრონები არაერთხელ შეიჭრნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში. ამასთან, შავ ზღვაში მნიშვნელოვანი სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების გასწვრივ არაერთხელ აღმოჩნდა მცურავი ნაღმებიც, წერს სააგენტო.

Reuters-ის ცნობით, ივლისში რუმინული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებმა სამი რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე ზედიზედ სამი დღის განმავლობაში დაარღვიეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარი მსგავსი ინციდენტების სერიის გაგრძელება იყო.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის რადუ მირუცას განცხადებით, გუშინ დრონები Neptun Deep-ის ოფშორული გაზის პროექტის მიმდებარედ მომუშავე სამოქალაქო გემის ეკიპაჟმა აღმოაჩინა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, საიდან იყო დრონები, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინამ დაადასტურა, რომ ისინი მის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდნენ.

„საზღვაო სანაოსნო მარშრუტის უსაფრთხოებისა და პლატფორმის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოების დაცვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი კონტროლირებადი აფეთქებით განადგურების შესახებ“, – განაცხადა მირუცამ.