მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 22:26
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი – დიდგორობა ქართული გამარჯვების გამორჩეული მაგალითია და სწორედ ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 19:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

12 აგვისტოს რუსეთი შეტევით ფაზაში იყო, საქართველო თავს იცავდა და ამ დროს ზავის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თავისი არსით, კაპიტულაციის აქტია. წაგებული მხარე როცა აწერს ზავის შეთანხმებას ხელს, ეს კაპიტულაციის აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12 აგვისტოს, როდესაც ქვეყანაში „დიდგორობა“ აღინიშნება, 2008 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა.

„ეს კაპიტულაციის აქტი იყო. იყო ომი ორ ქვეყანას შორის და ერთი მხარე შეტევაზე იმყოფებოდა. 12 აგვისტოსთვის რუსული მხარე იყო შეტევაზე, ხოლო როდესაც ასეთ დროს ზავის შეთანხმება ფორმდება, ეს იმ მხარისთვის, რომელიც იმ მომენტში თავდაცვით მდგომარეობაშია, კაპიტულაციაა. 12 აგვისტოს რუსეთი შეტევით ფაზაში იყო, საქართველო თავს იცავდა და ამ დროს ზავის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თავისი არსით, კაპიტულაციის აქტია. წაგებული მხარე როცა აწერს ზავის შეთანხმებას ხელს, ეს კაპიტულაციის აქტია.

ძალიან ტრაგიკული მოვლენაა. დღეს დიდგორობაა, ეს დღე ქართული გამარჯვების გამორჩეული მაგალითია და სწორედ ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა, რაც ტრაგიკული მოვლენაა.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი შესრულდეს, რაც იოლი არ არის. „დიპ-სტეიტისთვის“ 2008 წლის ომს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, 2008 წლის ომი უცხოურ აგენტურას, სააკაშვილის სახით, უნდა დაეწყო და შემდეგ ეს უცხოური აგენტურა ხელისუფლებაში უნდა დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ დაიწყო და დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც დაიწყო და დასრულდა. ეს იყო „დიპ-სტეიტის“ მიზანი და მაშინ სააკაშვილმა და მთლიანად კოლექტიურმა ძალამ, აგენტურამ, „ნაცმოძრაობამ“, ეს დაკვეთა და დავალება შეასრულა. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული სტრუქტურების რეაქციაც არ ყოფილა მძაფრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.