კობა ფარტენაძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.
ადვოკატი თემურ ქავშბაია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ არ ხდიან.
„სადაოდ არ ვხდით, არცერთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად დამოკიდებული ვართ მოსამართლის ლოიალურ დამოკიდებულებაზე. იმედია შემოიფარგლება გაფრთხილებით და არ გამოიყენებს მკაცრ სანქციას – პატიმრობას ან ჯარიმას“, – განაცხადა თემურ ქავშბაიამ.
ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე ორი დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, მას პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან.
კობა ფარტენაძემ გუშინ იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა.