2026 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორებში ბოლო ათწლეულის სარეკორდო შედეგები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბის მზარდ როლს, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 11.7 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 484,400 TEU შეადგინა – 8%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-ივლისის პერიოდისთვის დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.
„მნიშვნელოვანია, რომ ტვირთბრუნვის ზრდა დაფიქსირდა ყველა ცალკეულ ნავსადგურსა და ტერმინალში, ასევე ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. კერძოდ, თხევადი და საბორნე ტვირთების მოცულობა 43%-ით, ნაყარი ტვირთების – 23%-ით, გენერალური ტვირთების – 16%-ით, ხოლო კონტეინერიზებული ტვირთების მოცულობა ტონებში – 13%-ით გაიზარდა.
რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც. 2026 წლის პირველ 7 თვეში რკინიგზით ჯამურად 8.3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვებმა 65,935 TEU შეადგინა და 5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-ივლისის პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
საქართველოს რკინიგზამ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ტრანზიტის რეჟიმში 864 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიის მიერ თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სარკინიგზო გადაზიდვების ყველა რეჟიმში: ტრანზიტი 12%-ით, იმპორტი 12%-ით, ექსპორტი 6%-ით, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვები 2%-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებითაც. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 25.4 ათას ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს და ბოლო ათწლეულის სარეკორდო მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4.6 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მეტია და ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 7 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2026 წლის იანვარ-ივლისის შედეგები საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მზარდ დინამიკას ასახავს. საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო მიმართულებებში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი ზრდისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.