ლაშა ფარულავა – ისტორიის გადაწერას ცდილობს ირაკლი კობახიძე, რომელიც არის კრემლის სპიკერი – ირაკლი ღარიბაშვილი კი ჩამოყალიბდეს, ვისი მსხვერპლია, ივანიშვილის თუ მამუკა მდინარაძის

რუსებმა ავტოკეფალია წაგვართვეს, ილორს რუსული გუმბათი დაადგეს. ტრაქტატი იყო ამის მთავარი დოკუმენტი. აი, ამ აღვირახსნილობას დაუდო საფუძველი და ამ ისტორიის გადაწერას ცდილობს ირაკლი კობახიძე, რომელიც არის კრემლის სპიკერი. საქართველო არ გარუსდება! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათ შორის, სიონის საკათედრო ტაძარი არის სიმბოლო იმ მძიმე რუსული ისტორიული მოვლენების, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალია წაართვა.
„ავტოკეფალია წაგვართვა, ტაძრები, ფრესკები გაგვითეთრა და მათ შორის ილორს დაადგეს რუსული გუმბათი რუსებმა, აი, ამ ტრაქტატს მოჰყვა ეს ყველაფერი. თუ ვინმეს სურს ისტორიის გადაწერა და ახალი ტრაქტატის გაფორმება რუსეთთან, კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გამოუვა! საქართველო არ გარუსდება. შეუძლებელს სთავაზობს ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, ის არ იცნობს ქართველ ხალხს და კი, ქართველი ხალხისგან მიიღებს პასუხს და ეს პასუხი იქნება საკმაოდ მძიმე, მთლიანად „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის. სიონის საკათედრო ტაძარი არის სიმბოლო იმ მძიმე მოვლენების, რომელიც უკავშირდება ტრაქტატს. ავტოკეფალია წაგვართვეს, წაგვართვეს ქართული ეკლესია, ილორს რუსული გუმბათი დაადგეს და ეს გააკეთეს რუსებმა, ტრაქტატი იყო ამის მთავარი დოკუმენტი, აი, ამ აღვირახსნილობას დაუდო საფუძველი და ამ ისტორიის გადაწერას ცდილობს ირაკლი კობახიძე, რომელიც არის კრემლის სპიკერი. საქართველო არ გარუსდება. ის რომ რუსეთი მტერია და ოკუპანტია, ეს არის ფაქტი, სინამდვილე და არა რუსოფობია, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს. ისტორიის გადაწერას ცდილობს ვინმე ირაკლი კობახიძე, რომლის მამაც ეროვნული მოძრაობის დროს იყო ბრალდებული რუსეთის ჯაშუშობაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მან ასევე ისაუბრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე მსჯავრდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. მისი თქმით, საზოგადოებას ღარიბაშვილის ცრემლების არ სჯერა.
„ღარიბაშვილი ისეთივე უდანაშაულოა, როგორც ივანიშვილი. ივანიშვილი და ღარიბაშვილის, მათი კორუმპირებული „ქოცების“, კრიმინალების ადგილი არის იქ, სადაც ახლა არის ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ივანიშვილის სამართალი კი არ უნდა უშვებდეს მას ციხეში, არამედ თავისუფალი სასამართლო,რომელიც ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ სხვა მისი თანაგუნდელებიც აღმოჩნდებიან იქ, სადაც მათი ადგილია. ირაკლი ღარიბაშვილი კი, არის კორუმპირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, გამოფენებს ვაწყობდით მისი კორუფციის და მას იცავდნენ მდინარაძე და კობახიძე. ხელს აფარებდა ფარცხალაძეს ნათია თურნავა და ივანიშვილის მთელი გარემოცვა. ამიტომ, ცხადია, ეს ადამიანები არიან კორუმპირებულები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, უბრალოდ, მისი ცრემლების საზოგადოებას იმიტომ არ სჯერა,რომ ხან ერთს ამბობს რომ ბიძინამ გამომიგზავნა წერილიო, ხან მდინარაძეს აბრალებს. ამიტომ, ჩამოყალიბდეს, ვისი მსხვერპლია, ივანიშვილის თუ მამუკა მდინარაძის“, -განაცხადა ფარულავამ.