თბილისის მერია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა” და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. ახლა კი სამუშაოები სწორედ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება.
„დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.