მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 21:32
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ლანა გალდავა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე – ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მოკავშირეები მუდმივად საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად არიან მომართული

IPN.ge 21 აგვისტო, 2026 · 19:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი,- ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება, სადაც ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთს, „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება დასტურია იმისა, რომ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად მუდმივად მზად არიან.

„საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება და რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გაკეთდა მკაცრი აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ღრმა ანექსიური პროცესები. გამოხატეს საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ხელმძღვანელი პირი. ამავდროულად, ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საჭიროა სრულფასოვნად მუშაობდეს როგორც ჟენევის ფორმატი, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. სრულად რომ შევაფასოთ, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მუდმივად საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად მომართული არიან“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, 2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით.