მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 03:40
სწრაფი სიახლე
კულტურა

“34 წლის რომ ვიყავი, მოულოდნელად მეუღლე გარდამეცვალა. მანამდე მამაც გარდაიცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი პატარა შვილი… ეს იყო უდიდესი გამოწვევა” – მარინა კახიანის “სახალხო ინტერვიუ”

Ambebi.ge July 13, 2026 6:35 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

“მე ვარ მარინა კახიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, პირველ რიგში”, – ასე დაიწყო “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა ჩვენს რესპონდენტთან. პროექტი, რომელზეც Ambebi.ge და “პალიტრანიუსი“ ერთობლივად მუშაობს. გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე მიხვდით, რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი გახლდათ. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. ტელეინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ – ვიდეო

გიო:

– რუსთაველის თეატრში ვინ მიგიღოთ და რა იყო ამ თეატრის სცენაზე თქვენი პირველი სპექტაკლი?

– ისე მოხდა, რომ მეოთხე კურსზე უდიდესი ბედნიერება გვეწვია – პირველად და, სხვათა შორის, უკანასკნელად, ბატონმა რობერტ სტურუამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფი აიყვანა. მანამდეც ფანტასტიკური პედაგოგები მყავდნენ, მაგრამ ბატონი რობიკო მანამდე არ სწყალობდა ჯგუფის აყვანას – ალბათ, უბრალოდ არ ეცალა ამისთვის. რატომღაც მაშინ გადაწყვიტა. სულ რამდენიმე დღის წინ კოლეგებთან ვსაუბრობდი: ეს ფაქტი რომ არა, მე რუსთაველის თეატრში საერთოდ ვერ მოვხვდებოდი, ან ალბათ ბევრი წლის შემდეგ-თქო. ჯგუფის აყვანიდან რამდენიმე თვეში მან დაიწყო მუშაობა ახალ, შემდგომში უკვე ლეგენდარულ და გახმაურებულ სპექტაკლზე “ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“. ინება და ერთ-ერთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი როლი – საპოჟნიკოვა, საოცრად საინტერესო ახალგაზრდა გოგონას სახე მათამაშა. ასე აღმოვჩნდი ამ ლეგენდარულ სცენაზე. დღეს ადვილად ვამბობთ სიტყვა “ლეგენდარულს“, მაგრამ ეს სცენა მართლაც ასეთია – თავისი წარსულით, სულით, არტისტებითა და რეჟისორებით.

მეოთხე კურსელი გოგონა შემოვედი ამ სცენაზე, ერთი უმნიშვნელოვანესი, ფინალური სცენა მქონდა. იყო აშკარად ანტისაბჭოთა სპექტაკლი. წარმოიდგინეთ, ეს ხდებოდა 1981 წელს, როდესაც მსგავსი სპექტაკლის დადგმა ძალიან საშიში იყო. სამი ლენინი იყო: ბატონები ედიშერ მაღალაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი და გოგი ხარაბაძე. ამ სამ ლენინს ებრძოდა ჩემი პერსონაჟი – თავხედი გოგონა, რომელსაც ლენინი “ხორცმეტს“ უწოდებდა. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა… მალევე მოსკოვში წავედით გასტროლებზე, სადაც პირველივე ჩვენების შემდეგ სპექტაკლი მოხსნეს და თამაში აგვიკრძალეს – აი, ასეთი გამოკვეთილი ანტისაბჭოთა სულისკვეთება ჰქონდა. სასტუმროში გვეშინოდა კიდეც, არ მოსულიყვნენ და ბატონი რობერტი არ დაეჭირათ. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მოისურვა ამ სპექტაკლის აღდგენა. მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა (მას ნანახი ჰქონდა ეს დადგმა). სპექტაკლი აღადგინეს და აი, ასე დავიმკვიდრე ადგილი რუსთაველის თეატრში.

ამ უზარმაზარ, ჯადოსნურ და ამაღლებულ სივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი როლი მითამაშია ბატონ რობერტ სტურუასთან და სხვა რეჟისორებთან: ბატონებთან ავთო ვარსიმაშვილთან, გოჩა კაპანაძესთან, გოგა თავაძესთან, გიგა ლორთქიფანიძესთან… არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ძირითადად მათთან ვმუშაობდი. ადამიანი ამ ყველაფერს ეჩვევი და წლების შემდეგ რაღაც უცნაური რამ დამემართა. რამდენიმე წლის წინ ზუსტად ის განცდა განმეორდა, რაც პირველად სცენაზე დადგომისას მქონდა: ადრე მივედი თეატრში, ნახევრად განათებულ, ცარიელ სცენაზე შევედი, დარბაზს გადავხედე და უცებ გავაცნობიერე, სად ვიმყოფებოდი. დავფიქრდი, რომ ორ საათში აქ 800 ადამიანი შემოვიდოდა, რომლებიც მე მომისმენდნენ, ჩემს ტკივილს გაიზიარებდნენ… პირველად ამის გააზრებაზე ძალიან ვინერვიულე. მერე ეს ემოცია თითქოს მიინავლა, უამრავი მთავარი როლი ვითამაშე (რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი) და აი, წლების შემდეგ, სრულიად მარტო რომ აღმოვჩნდი სცენაზე, ის ძველი შეგრძნება დამიბრუნდა. მას მერე მსგავსი არაფერი მიგრძნია. ჩემთვის განგებას, რეჟისორებს, პარტნიორებს მადლობა შევწირე და ეს ყველაფერი თავიდან დავაფასე.

ნიკოლოზი:

– “თეატრის მტვერს“ რა ჯადოსნური ძალა აქვს, რომ ადამიანებს ასე იზიდავს?

– “სცენის მტვერი“, რომელსაც ჩვენ ასე ვეძახით, საოცარი “საწამლავია“ (კარგი გაგებით, რა თქმა უნდა). ჩვენ ამით “ვიწამლებით“ და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვინც ერთხელ მაინც ავა სცენაზე, თუნდაც ორი სიტყვა თქვას, იმღეროს ან იცეკვოს, მერე მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. მეც ზუსტად ასე ვარ და არა მარტო მე. ბოლო დროს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იმ პატარა გოგომ ოდესღაც აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მრავალჯერ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში მთავარია აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს – მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ხარ თუ პატარა, ეს საქმე გვავსებს და გვაბედნიერებს.

ვინი:

– სანამ თავად გახდებოდით მსახიობი, თქვენთვის მისაბაძი მსახიობი ვინ იყო?

– ვფიქრობ ხოლმე დიდ მსახიობებზე… მაგალითად, ორ იტალიელ ლეგენდაზე – ანა მანიანისა და სოფი ლორენზე. თუმცა, ჩვენი ვერიკო ანჯაფარიძე გვყავდა. სამწუხაროდ, სცენაზე ის მხოლოდ ერთ სპექტაკლში მყავს ნანახი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისი უდიდესი დიაპაზონისა და ტრაგიზმის აღსაქმელად – საოცრება იყო. ქალბატონი სესილია თაყაიშვილი სცენაზე ვერ ვნახე, თუმცა ფილმებში ფანტასტიკური იყო. ისინი ჩემთვის ორიენტირები იყვნენ. ამ თეატრში იმდენი დიდი მსახიობი მოღვაწეობდა, ჩამოთვლისაც კი მეშინია, ვინმე რომ არ გამომრჩეს: ქალბატონები მედეა ჩახავა, ზინაიდა კვერენჩხილაძე, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი. წარმოიდგინეთ, როგორი საამაყოა, როდესაც წლების წინ ნანახი მქონდა თემურ ჩხეიძის ფანტასტიკური სპექტაკლი “ბერნარდა ალბას სახლი,“ სადაც ქალბატონი სალომე ყანჩელი თამაშობდა, წლების შემდეგ კი ბატონმა გოჩამ დადგა ეს პიესა და ბერნარდა მე ვითამაშე!

ან თუნდაც მედეას როლი, რომელსაც თბილისში ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა… ქალბატონმა ნათელა ურუშაძემ მითხრა, რომ მას შემდეგ ეს როლი საქართველოში არავის უთამაშია და ისე მოხდა, რომ მე ვითამაშე. ქალბატონ ზინასთან ერთად კი პარტნიორობა გავწიე სპექტაკლებში, მათ შორის, იყო “მზის დაბნელება საქართველოში“. შორს წაგვიყვანს იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვის გვერდითაც ყოფნა მომიწია. მამაკაცებზე აღარაფერს ვამბობ: ბატონ რამაზ ჩხიკვაძესთან რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე – “მეფე ლირში“ მის შვილს ვასახიერებდი, ხოლო სპექტაკლში “ას ერგასის დღე“, სადაც ის ჰიტლერს თამაშობდა, მე ევა ბრაუნი ვიყავი. გურამ საღარაძეsTan და კახი კავსაძესთან ერთად მათ უკანასკნელ სპექტაკლებში მათი პარტნიორი ვიყავი. აი, ასეთი საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამით უბედნიერესი და ამაყი ვარ.

ანო:

– ბევრმა არ იცის, რომ ფილმში “ვერის უბნის მელოდიები“ მონაწილეობთ. რას იტყვით თქვენს როლზე და როგორ მოხვდით იქ?

– კინოში ჩემს პირველ ნაბიჯებზე ყოველთვის ღიმილით ვფიქრობ. ბატონ გიორგი შენგელაიას ფილმში “ვერის უბნის მელოდიები“ რამდენიმე გიმნაზისტი გოგონაა, რომლებიც სუფთად არიან ჩაცმულები და მღერიან; იქ მეც ვარ, თუმცა მაყურებელი ვერ მცნობს. პატარა გოგონა ვიყავი, ბუნებრივად ღია ფერის თმა მქონდა. ფილმში მეორე ეპიზოდიც არის, სადაც უკვე ჭუჭყიანები ვართ, ვმღერით და ვცეკვავთ. აი, ასეთი საოცრებით, გიორგი შენგელაიას ფილმით დაიწყო ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე.

დავითი:

– რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა?

– არ მინდა იმ დიდ ტკივილზე საუბარი, რომელიც ცხოვრებისეულ გამოწვევად მექცა. სრულიად ახალგაზრდას, 34 წლის ასაკში, მოულოდნელად მეუღლე გარდამეცვალა. მანამდე მშობლებისა და მეუღლის მიერ (რომელიც ჩემზე უფროსი იყო) გათამამებული გოგო ვიყავი, ცხოვრებისეული სირთულეები არ მეხებოდა. მანამდე ორი წლით ადრე მამაც გარდაიცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი პატარა შვილი. ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოწვევა. ამ ტრაგედიიდან სულ რაღაც ორ თვეში გოჩა კაპანაძემ “ბერნარდა ალბაში“ მთავარი როლი შემომთავაზა. უნდა მეთამაშა დედა, როცა ჩემს შვილებს ჩემზე უფროსი, საუკეთესო მსახიობები თამაშობდნენ. მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ მერე მივხვდი, რატომ მოუნდა რეჟისორს ჩემი აყვანა ამ როლზე: მეუღლის დაკარგვამ უცბად მომიტანა ისეთი ტკივილი და ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელმაც თითქოს ერთ ღამეში დამაბერა. ბერნარდა ალბას როლი დამეხმარა ჩემი პირადი ტკივილის გადატანაში და, ამავდროულად, ჩემი ტკივილი დამეხმარა ბერნარდას თამაშში.

კადრი ფილმიდან “მხატვრის მუზები”


მკითხველი:

– გული რაზე გწყდებათ და რას ნანობთ?

– პროფესიაში გული არაფერზე მწყდება, თუმცა იყო როლები, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და ასაკის გამო ვეღარასდროს ვითამაშებ. სამაგიეროდ, ვითამაშე ისეთი გმირები, რომლებზეც ნებისმიერი მსახიობი ინატრებდა. ასე რომ, არა უშავს – ახლა უფრო სოლიდურ ქალბატონებს ვითამაშებ. აი, რაზე მწყდება გული, იცით? ყოველთვის მინდოდა ბევრი უცხო ენის ცოდნა. ბავშვობაში ფრანგულს მასწავლიდნენ, ზრდასრულ ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, თითქოს ვსაუბრობდი კიდეც, მაგრამ ახლა კომპლექსი მაქვს – მეშინია, არასწორად არ ვთქვა რამე და ვჩუმდები. სულ მინდოდა ესპანურისა და სპარსულის სწავლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. დროის უქონლობას ვაბრალებდი, თუმცა, ალბათ, მაინც სიზარმაცის ბრალია. მწყდება გული, რომ რაც ვიცოდი, ისიც დამავიწყდა, ხოლო რაც ძალიან მინდოდა, ის ენები საერთოდ ვერ ვისწავლე.

დიტო:

– ორიგინალური კომპლიმენტი, რომელიც სულ გახსოვთ, ვისგან მიგიღიათ?

– ცხოვრებაში ბევრი კომპლიმენტი მომისმენია. ადრე რადიოში მიმყავდა გადაცემა ცნობილ ადამიანებზე – მხატვრებზე, კომპოზიტორებზე, მსახიობებზე (მახსოვს, როდენზე ჩავწერე გადაცემა). ერთხელ მსმენელმა ქალბატონმა დარეკა პირდაპირ ეთერში და მითხრა: “თქვენი ხმა ბახის მუსიკას ჰგავსო“. ეს ისეთი კომპლიმენტი იყო, დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა. კიდევ ერთი უდიდესი აღიარება ჩემთვის: ერთმა ძალიან სერიოზულმა მამაკაცმა რეჟისორმა თქვა, სხვა რომ ვყოფილიყავი, მარინა კახიანობა მომინდებოდაო. ხაზს ვუსვამ – მამაკაცმა თქვა, რომელსაც ქალად ყოფნა არასდროს უნატრია, მაგრამ თუ იქნებოდა, ჩემს ადგილას ყოფნას ისურვებდა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, ჟურნალისტმა, ზუსტად იგივე სიტყვები გამიმეორა. ამაზე დიდ კომპლიმენტებს ვერც კი ვისურვებდი… სხვა კომპლიმენტებს აღარ გავიხსენებდი.

მაქსიმე:

– სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები“ რა მოგიტანათ და კონკრეტულად ნატრულის პერსონაჟმა? იცით მეგრული?

– წარმოშობით მეგრელი დედა მყავდა. ბავშვობაში დედაჩემი და ბებიაჩემი, როცა რაიმე საიდუმლოს მალავდნენ, ერთმანეთში მეგრულად საუბრობდნენ. ამან დამაინტერესა და ბევრი სიტყვა ვისწავლე. თუმცა, იმის თქმა, რომ მეგრული კარგად ვიცი, გადაჭარბებული იქნება – ბევრი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ელემენტარულ დონეზე მესმის.

რაც შეეხება ტელევიზიას – აბსოლუტურად მართალი ხართ. დღეს ტელესივრცე ყველაზე პოპულარულია, კინოც კი ვერ უწევს კონკურენციას, თეატრზე აღარაფერს ვამბობ. ჩემთვის პირველი სერიალი არ ყოფილა “ჩემი ცოლის დაქალები“. პირველი ქართული სერიალი იყო ავთო ვარსიმაშვილის “სახლი ძველ უბანში“, სადაც მეორე ნაწილში გამოვჩნდი. დღესაც ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი, დიდი ხანია არ მინახავს და დიდი სიამოვნებით გადავხედავდი – ძალიან საინტერესო სახე შევქმენი. შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის“ პერიოდში, რამდენიმე სერიალში ვითამაშე, მათ შორის დათო ჯანელიძის მინისერიალში “მტვრის გემო“, სადაც მე და ჯაბა კილაძე მთავარ როლებს ვასრულებდით. ეს იყო სერიოზული, დეტექტიური და საკმაოდ ტრაგიკული ბედის მქონე ქალბატონის როლი. ასევე ვითამაშე ზაზა კოლელიშვილის იუმორისტულ სერიაშlი “ოტელო კახეთში“, სადაც ჩემი პარტნიორი ჯაპანა (დავით ხურცილავა) იყო. სხვათა შორის, ვმონაწილეობდი რუსულ სერიალშიც, სადაც მთავარ როლს ცნობილი ლატვიელი მსახიობი ივარ კალნინში თამაშობდა; მე მისი პარტნიორი ვიყავი და გადაღებები ბაქოში გვქონდა. ვითამაშე “ცხელ ძაღლშიც“… ასე რომ, სერიალებში ბევრი მიმუშავია. იყო კიდევ “გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ტელევიზიის დირექტორს ვთამაშობდი.

სწორედ “გოგონა გარეუბნიდან“ გადაღებების პერიოდში დაიწყო “ჩემი ცოლის დაქალები“. თავიდან იქ არ ვმონაწილეობდი, სერიალი ძალიან პოპულარული გახდა და მსახიობებსაც დიდი აღიარება მოუტანა. მოგვიანებით რომ დამირეკეს და როლი შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რადგან სრულიად განსხვავებული, სახასიათო პერსონაჟი იყო – არანაირი ტრაგიზმი. თეატრში კომედიური როლებიც მქონია, მაგრამ ეკრანზე მსგავსი არაფერი მეთამაშა.

მერე კი შემეშინდა და უარის თქმასაც ვაპირებდი – ვნერვიულობდი, ტელესერიალში ასეთი კომედიური როლი ხელოვნური და გადამეტებული არ გამოსულიყო. თუმცა, დამიყოლიეს და დღეს ძალიან მადლობელი ვარ მათი, რადგან ეს პერსონაჟი ძალიან მიყვარს. დღევანდელმა ახალგაზრდა თაობამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩემი თეატრალური როლები ან ძველი ფილმები არ იცის და მხოლოდ ამ სერიალით მიცნობს. თავიდან ამაზე ცოტა ნერვები მეშლებოდა… ბატონი გურამ საღარაძე მახსენდება, როცა “სახლი ძველ უბანში“ გამოვიდა, ქუჩაში ყველა “ჟორა, ჟორას“ ეძახდა. თავიდან უხაროდა, მერე კი ამბობდა – ასზე მეტი როლი მაქვს ნათამაშები თეატრსა და კინოში და ყველა ჟორას მეძახისო. მეც მქონდა ეს გაღიზიანების მომენტი, მაგრამ მერე მივხვდი: ოცდაათი წლის ახალგაზრდები ფიზიკურად ვერ ნახავდნენ ჩემს ძველ სპექტაკლებს. ეს სერიალი კი მართლაც ფენომენალურია, მას მთელი საქართველო და უამრავი ემიგრანტი უყურებს საზღვარგარეთ. მათ არ აქვთ თეატრში მოსვლის შესაძლებლობა, ამიტომ ახლა პირიქით – ძალიან მსიამოვნებს ეს აღიარება და ისიც, რომ ჩემი წინა შემოქმედებისგან რადიკალურად განსხვავებული სახე დაინახა მაყურებელმა. მადლობა ამისთვის სერიალის შემქმნელებს.

უცნობი:

– შვილის ცხოვრებაში არასდროს ჩარეულხართ? აქვე მოგვიყევით შვილზე, მის ოჯახზე, როგორი დედა ხართ?

– თუ მინანია რამე ცხოვრებაში? ჩემი ერთ-ერთი მთავარი სინანული ის არის, რომ ჩემს ერთადერთ ვაჟს, ვახტანგ (ვათა) მატარაძეს, უმცროსი და-ძმა არ ჰყავს. მართალია, მას უფროსი და ჰყავს (მამის მხრიდან), რომელთანაც ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს, მაგრამ მეტი შვილი აღარ მყოლია. ეს იმიტომ მოხდა, რომ თეატრში ძალიან დაკავებული ვიყავი – დღე არ გადიოდა სპექტაკლი რომ არ მქონოდა და, გამოდის, ბევრი რამ თეატრს შევწირე. თუმცა, ვათა საოცრად კარგი ადამიანი და ნამდვილი ვაჟკაცია – ეს ალბათ პირველ რიგში მისი გენეტიკის დამსახურებაა. პროფესიით იურისტია. რაღაც პერიოდში თეატრალურზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ გადაიფიქრა. მიუხედავად ამისა, თეატრს მაინც ვერ ჩამოშორდა: წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის მთავარ ადმინისტრატორად მუშაობდა, ახლა კი თეატრალური უნივერსიტეტის თეატრის დირექტორია. ხშირად ვეხუმრები – თუ ასე გიყვარდა თეატრი, ბარემ პირდაპირ თეატრალური დაგემთავრებინა-მეთქი. მას ჰყავს გადასარევი მეუღლე – თამარი. პირველი მეუღლე ჰყავდა ეკატერინე და პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი – გიორგი მატარაძე (ჩემი მეუღლის სახელი ჰქვია) და მეორე შვილი – ალექსანდრა, რომელიც 7 წლისაა და ჩემი უახლოესი მეგობარია.

შვილის ცხოვრებაში იქნება ეს პროფესიული არჩევანი თუ პირადი ურთიერთობები – არასდროს ჩავრეულვარ. რჩევა შემიძლია მივცე, მაგრამ ზედმეტად ჭკუის სწავლება არ მიყვარს. არ მომწონს, როდესაც დედები შვილებს საკუთარ ნებას ახვევენ თავს. არ მაქვს უფლება ჩავერიო სხვის ცხოვრებაში. ამიტომ ვათას ყველაფერი თავად ვანდე და დღეს კარგი ოჯახი აქვს. ჩემი პატარა ალექსანდრა კი, რომელიც ამბობს, რომ მხატვარია, ვფიქრობ, ცოტ-ცოტა მსახიობურ ნიჭსაც ავლენს. მისი სახელის შერჩევაშიც არ ჩავრეულვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა ალექსანდრა დაარქვეს, რადგან დედაჩემს – ჩემს უძვირფასეს მეგობარს და დედას ალექსანდრა ერქვა. სხვათა შორის, ჩემს საყვარელ დედამთილსაც ალექსანდრა ერქვა. საქართველოში ეს არც ისე გავრცელებული ქალის სახელია და აი, ასე დაემთხვა, რომ ჩემს შვილიშვილსაც ეს სახელი ჰქვია, რაც ძალიან მახარებს.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში – ჩემს მაყურებელს, რადგან მაყურებლის გარეშე ჩვენ, მსახიობები, არაფერს წარმოვადგენთ. მადლობა იმისთვის, რომ დამითმეთ დრო და მოისმინეთ ჩემი ფიქრები წარსულსა თუ აწმყოზე. იმედია, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს გაგიზიარებთ. გმადლობ!


<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/af-8baGU2mg?si=K040h9Rq31b86DJs” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>