„ამ მედიკამენტს ყველა სახის ტკივილის დროს თვითნებურად სვამენ – ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს „ანალგინის“ (მეტამიზოლის) თვითნებურად მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს საქართველოში ბევრი ადამიანი კბილის, თავის, ტრავმის შემდგომი თუ სხვა სახის ტკივილის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე იყენებს, რიგ შემთხვევებში მას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს.
ღოღობერიძის თქმით, „ანალგინი“ მოქმედებს თავის ტვინის იმ უბანზე, რომელიც ტკივილისა და სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში მონაწილეობს, რის შედეგადაც ტკივილი მცირდება და სიცხე იკლებს. თუმცა, როგორც ექიმი აღნიშნავს, პრეპარატი ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია, ხოლო რიგ ქვეყნებში მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. საქართველოში კი ის ურეცეპტოდ ხელმისაწვდომია.
ექიმის განმარტებით, „ანალგინის“ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შესაძლო გვერდითი ეფექტია აგრანულოციტოზი — მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ნეიტროფილების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ნეიტროფილები იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი უჯრედებია და მათი დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა უჭირს. მძიმე შემთხვევებში ეს შესაძლოა სეფსისის განვითარებითაც დასრულდეს.
გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ თუ „ანალგინის“ მიღების შემდეგ ადამიანს განუვითარდა მაღალი ტემპერატურა, კანკალი ან ყელის ძლიერი ტკივილი, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სისხლის საერთო ანალიზი ნეიტროფილების რაოდენობის შესაფასებლად.
ექიმი ასევე ასახელებს იმ ჯგუფებს, ვისთვისაც „ანალგინის“ თვითნებურად მიღება განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული. მათ შორის არიან:
65 წელს გადაცილებული პირები;ორსულები და მეძუძური დედები;დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები;პაციენტები, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, მათ შორის ანტიდეპრესანტებს, სისხლის გამათხელებლებს, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალებებს, კუჭის მჟავიანობის დამწევ პრეპარატებს და ზოგიერთ ანტიბიოტიკს;10 წლამდე ასაკის ბავშვები;ასთმის მქონე პირები.გიორგი ღოღობერიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება, მათ შორის „ანალგინის“, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მოხდეს, რადგან ერთი შეხედვით უსაფრთხო მედიკამენტმაც კი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე შექმნას.