მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 17:13
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“შეკრებილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე” – პროკურორი

Ambebi.ge 25 აგვისტო, 2026 · 14:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, “გამოძიების ეტაპზე, როცა შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარე გამოიტანა ამის შესახებ დადგენილება”.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის სხდომა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ფორმალური საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც ის დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში არის მოთავსებული და სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ქრთამის აღებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ.

ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, როცა ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული საქმიდან პროკურატურის მიერ გამოყოფილ იქნა სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტარდებოდა აქტიურად საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები. როცა შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარე გამოიტანა დადგენილება ამის შესახებ.

მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებში იგულისხმება მათ შორის გამოთხოვილი ინფორმაცია, ეს არის უშუალოდ იმ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით გასამართლდნენ და მსჯავრდებულ იქნენ ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა ბრალდებულები, დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულები. საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრომ აწარმოვა ტენდერები უშუალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში იყო 19 მლნ, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამის მფარველობასა და გარანტიებს გასცემდა მაშინდელი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სახელშეკრულებო ღირებულების 10% მიტანილი იქნა შესაბამისი პირის მიერ ვასილ მხეიძესთან, საიდანაც 750 ათასი ლარი აიღო ქრთამის, ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ ხელზე, ქრთამის სახით, 750 ათასი ლარი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო პოზიციის დაფიქსირება მათ შორის ბრალის წარდგენის შემდგომაც, თუმცა ბრალდების მხარის დადგენილებაზე მითითებულია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის, ამ ეტაპზე უარს აცხადებს რაიმე პოზიციის დაფიქსირებაზე“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება გუშინ წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.