“ღარიბაშვილის ტრაგედია ისაა, რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე საუბრობს კალაძე, ყველაზე კორუმპირებული” – ლევან გოგიჩაიშვილი

დიდი ინტერესია, რა დარჩა ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი, რაში უნდა ამხილოს კობახიძე, მდინარაძე და სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ბიძინა ივანიშვილი ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში გვიყვებოდა, როდესაც უმრავლესობის სხდომაზე ვისხედით ხოლმე – ყვებოდა, როგორ გააგდო ეს ადამიანი კორუფციის გამო, მაგრამ შემდეგ მანვე დააბრუნა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა ისაუბროს და საკუთარი თავიც უნდა დაიცვას და ოჯახიც.

“ღარიბაშვილის ცხოვრებაში მთავარი ტრაგედია არის ის რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე, საუბრობს კალაძე. როდესაც ყველაზე კორუმპირებული ადამიანი – კალაძე შენზე საუბრობს აგდებულად, დამცინავად, რომ შენ ხარ კორუმპირებული, ყველაფრის ღირსი ხარ, რომ აქამდე მიგყავს საქმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ღარიბაშვილი საუბრობდა რომ მას და მისი ოჯახის წევრების ემუქრებიან. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არაადამიანური და არაკაცური საქციელი. ეს არის “ნაცური“ მეთოდიკა. “ნაცური“ მეთოდებით არის გაზრდილი მდინარაძე, მისი გუნდი, ვისაც ეს ყველაფერი დაევალა. წლების განმავლობაში მდინარაძე იყო “კუდის“ ადვოკატი, ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, 1-ელ ოქტომბერსაც “ნაცებს“ მისცა ხმა, შესაბამისად, მათ იციან ეს სისტემა. ის ხალხი, ვინც დღეს ივანიშვილს ჰყავს სისტემაში, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების გაზრდილები არიან სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სისტემაში. ამიტომ იგივე მეთოდებია, იგივე პრინციპები. როდესაც ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულების მიმართ იქნება ნდობა, მაშინ შეიძლება ბევრ კითხვას პასუხი გაეცეს.
დრო გვაჩვენებს, რას იტყვის ღარიბაშვილი დამატებით. რა თქმა უნდა, მან უნდა ისაუბროს, თავისი თავიც უნდა დაიცვას, ოჯახიც და საზოგადოების ინფორმირებაც უნდა მოახდინოს,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება გუშინ წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.