თამთა მეგრელიშვილი: „ფონდმა ქართუმ“ მილიარდობით ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და ასობით ათას მოქალაქეს სესხები აპატია, ამ ფონზე კი მცდელობა, საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ სესხების დაფარვას – უხერხულია

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ფონდი ქართუს“ მიერ მოქალაქეების პრობლემური სესხების ჩამოწერის საკითხის ირგვლის აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა, რამაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა.
“ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა.
ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა.
ამ ნაბიჯით „შავ სიაში“ მყოფი, ეკონომიკურად იზოლირებული ადამიანების რეაბილიტაცია და საფინანსო სისტემაში დაბრუნება მოხდა.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ უპრეცედენტო, მასშტაბურ საქველმოქმედო აქტს, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე დაიხსნა ეკონომიკური ბლოკადისგან, მადლიერი ადამიანების დიდი შემადგენლობა ჰყავს.
ამ ფონზე, გარკვეული მოქალაქეების (მათ შორის რადიკალების) მცდელობა, საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე, უხერხულია.
„სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია.
პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს.
ბიძინა ივანიშვილის ნებით განხორციელებულ ამ საქველმოქმედო ხასიათის ქმედებას მინიმუმ 615 164 მადლიერი მოქალაქე ჰყავს.
ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ტყუილს ავრცელებთ, 615 164 მადლიერ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს დასცინით და დანარჩენ საზოგადოებას ურცხვად ატყუებთ,”-წერს თამთა მეგრელიშვილი.