მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:59
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე – ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ ის, რაც ხდება კიდევაც

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 16:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ ის, რაც ხდება კიდევაც – ჩვენი განსხვავება სხვა ხელისუფლებისგან ისაა, რომ იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად შეიძლება დავზარალდეთ, არც ერთ სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს არ დავაფარებთ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, როდესაც ყოფილი პოლიტიკოსები დანაშაულს არ აღიარებენ, ბრალის წაყენებას, როგორც წესი, პოლიტიკური დევნით ამართლებენ.

შარმანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული და მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს სხდომის დროს იდავონ“.

„როცა ახლობლები ამაზე [ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ დევნაზე] საუბრობენ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაბრაზდე. მეუღლე, ძმა, მშობელი, შინაური თავისიანს ბოლომდე რომ დაუდგება, გასაკვირი არ არის. ასეთ დროს არც არავისზე ვბრაზდები ხოლმე. როდესაც დანაშაულს არ აღიარებენ, შემდეგ ეს რამენაირად უნდა გაამართლო. ყოფილი პოლიტიკოსები ამას, როგორც წესი, იმით ამართლებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სხვა სამართლებელი არ აქვთ ხოლმე. ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. ამ ნაწილში სიახლე ჩემთვის არაფერია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

24 აგვისტოს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ დანაშაულს – კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას ეხება. აღნიშნული დანაშაულისთვის კანონი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.