საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ ფორუმს, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიება 52 დარგობრივ სექციად წარიმართა და მასში 568-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა 3-მა სექციამ და ნაშრომი წარადგინა 14-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტი 6 სექციითა და 69 სტუდენტით წარსდგა; სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი – 6 სექციითა და 51 სტუდენტით; აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი – 9 სექციითა და 54 სტუდენტით; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 133 სტუდენტით; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 35 სტუდენტით; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 124 სტუდენტმა 8 სექციად იმუშავა; დიზაინის საერთაშორისო სკოლის 6 სტუდენტმა – 1 სექციად; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 26 სტუდენტმა 4 სექციად, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 19 სტუდენტმა 4 სექციად, ხოლო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე 7-მა სექციამ 37 სტუდენტის მონაწილეობით იმუშავა.

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით გასტანა, პირველი ადგილი მოიპოვა 117-მა სტუდენტმა. კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორს – სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელს, ლევან ფიფიას, მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური ტრადიციაა, რომელიც უკვე ცხრა ათეული წელია ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი სამეცნიერო იდეების წარმოჩენის, კვლევითი გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
რექტორის განცხადებით, კონფერენცია ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები სწავლობენ სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ავითარებენ კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური კომუნიკაციის უნარებს, ამყარებენ პროფესიულ კავშირებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კოლეგებთან და ერთვებიან საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კონფერენციის ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი შრომით, ინოვაციური იდეებითა და სამეცნიერო ინტერესით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული სამეცნიერო პოტენციალი. კონფერენციის მონაწილე გამარჯვებულ სტუდენტებს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ, რომ დღევანდელი მიღწევა მათთვის ახალი სამეცნიერო აღმოჩენების, საერთაშორისო წარმატებებისა და პროფესიული წინსვლის საფუძვლად იქცეს – ცოდნა, შემოქმედებითი ხედვა და კვლევითი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული მეცნიერების, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების საქმეში“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს, იზრდება საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, კონფერენცია არა მხოლოდ შედეგების გაზიარებაა, არამედ ახალი სამეცნიერო იდეების, თანამოაზრეების მოძიებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისიცაა. მისივე თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი თემატიკა სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თავიანთ სფეროებში.
„კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად მუშაობენ თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საკითხებზე, საზოგადოებას ინოვაციურ ხედვებს სთავაზობენ და მზად არიან, ღირსეული ადგილი დაიკავონ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ვულოცავ გამარჯვებულ სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. თითოეული გამარჯვება არის არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი. ამავდროულად, მადლობას ვუხდი კონფერენციის ყველა მონაწილეს, სამეცნიერო ხელმძღვანელებსა და საორგანიზაციო ჯგუფს გაწეული შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება 10 ივლისს გაიმართა.