მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 19:34
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი – მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 17:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი, – ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ელისაშვილის დაკავების მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება, „პირადი შურისძიება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისთვის შურისძიება“.

ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი. მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული ბრალდებით და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით. მას 13 წელი მიესაჯა მაშინ, როდესაც კანონი 10 წლიდან პატიმრობის შეფარდების საშუალებას ითვალისწინებდა. ესეც იყო ერთ-ერთი გარემოება, რაც მიანიშნებს, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და ის სამართლებრივი საფუძვლით არ ზის ციხეში. მისი ბრალდება ხელოვნურად არის გაზრდილი. მსუბუქი დანაშაული გადაიქცა უმძიმეს ტერორისტულ საქმედ. 13 წელი მას უკვე მიუსაჯა სასამართლომ აბსოლუტურად უკანონოდ და ამას ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრებთ. მეორე ე.წ. ძაღლების საქმეში მხოლოდ და მხოლოდ არსებობს წყალქვეშ ამოღებული სუნის ნიმუშები. უცნობი ძაღლების მიერ ელისაშვილის ამოცნობის საქმე. აღნიშნული საქმის განხილვა ფაქტობრივად შეჩერდა. ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია, როდის აპირებს სასამართლო და პროკურატურა ამ საქმის განახლებას. ეს გარემოებაც მიანიშნებს იმას, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ორი ერთნაირი საქმე იყო, ერთი მცდელობის და ერთი დასრულებული ტერორიზმის. ტერორიზმის საქმე ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით არის ამ ეტაპზე გადადებული, რაც მიანიშნებს იმას, რომ მთავარი მიზანი იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება, პირადი შურისძიება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისთვის შურისძიება. მას 6 წელი აქვს მისჯილი რუსეთის სასამართლოს მიერ“,-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ეპიზოდი სასამართლოს არქივში 2025 წლის 4 მაისს ხანძრის გაჩენას ეხება. ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ საქმე კიდევ ერთი მუხლით იყო აღძრული. ამ შემთხვევაში საქმე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებას ეხებოდა, რაზეც ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.