რომელი მძიმე დაავადებები, შეიძლება, იმალებოდეს თავის ტკივილის უკან – ექიმების გაფრთხილება

თავის ტკივილი სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ სიმპტომს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებით ან უბრალოდ ტკივილის ატანით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. თუმცა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ თავის ტკივილი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სიმპტომი იყოს.
ნევროლოგების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მაშინ, როდესაც ტკივილი მოულოდნელად იწყება, ძალიან ძლიერია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იმატებს. თუ ასეთ მდგომარეობას წარსულში მაღალი არტერიული წნევის ეპიზოდებიც ახლავს, შესაძლოა საქმე სისხლძარღვოვან პათოლოგიასთან გვქონდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან, სულ მცირე, თერაპევტთან კონსულტაცია.
სპეციალისტების განმარტებით, თავის ტკივილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი შაკიკიც არის. მას ახასიათებს პულსირებადი, უმეტესად ცალმხრივი ტკივილი, რომელიც პერიოდულად, თვეში რამდენჯერმე შეიძლება განმეორდეს.
თუ ტკივილი თანდათან ძლიერდება და მას თავში ზეწოლის შეგრძნება ერთვის, ექიმების შეფასებით, შესაძლოა საქმე ქალასშიდა წნევის მატებას ეხებოდეს. ასეთ დროს რეკომენდებულია დამატებითი გამოკვლევები, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), საჭიროების შემთხვევაში – სისხლძარღვების კონტრასტული კვლევით.
ექიმები აღნიშნავენ, რომ თავის ტკივილი ხშირად არტერიულ ჰიპერტენზიასაც უკავშირდება. ასეთ დროს ტკივილს, როგორც წესი, „ჩაფხუტის“ მსგავსი ხასიათი აქვს და მისი ეფექტური მკურნალობა მხოლოდ მაღალი არტერიული წნევის კონტროლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ნევროლოგების თქმით, ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც კისრისა და ზურგის კუნთების გადაძაბვაა. მათი განმარტებით, არასწორი პოზა, ხანგრძლივი ჯდომა, სკოლიოზი და სხეულის დახრილი მდგომარეობა კუნთების გადატვირთვას იწვევს, რასაც სპაზმი და თავის არეში დაძაბულობის შეგრძნება მოჰყვება.
სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, ხშირი ან უჩვეულო თავის ტკივილის შემთხვევაში თვითმკურნალობას არ მიმართონ და დროულად მიმართონ ექიმს, რათა ტკივილის გამომწვევი მიზეზი დროულად დადგინდეს და საჭირო მკურნალობა დაინიშნოს.