მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 22:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მარია ზახაროვა – საქართველოს პრემიერის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 19:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარია ზახაროვას შეკითხვა დაუსვეს, „ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა“.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მის ხალხს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული ჰააგის დეკლარაციის შესახებ საუბრობდა, რომელშიც არაერთი რეზოლუციაა, მათ შორის საქართველოში „არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მსგავსი მოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე უარი თქვა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რიგი სახელმწიფოები ეუთო-ს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების კრიტიკისთვის, მათ შორის, მოძველებული „მოსკოვის მექანიზმის“ ინსტრუმენტის გამოყენებით“.

„ასე რომ, ყველაფერი რასაც ისინი საქართველოს აბრალებენ, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა ზახაროვამ.