თაზო დათუნაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე – რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობის პრინციპთან, დღეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვიანი ეპოპეის დაგვირგვინება – ეს არის „ქართული ოცნების“ ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებზე

ეს არის „ქართული ოცნების“, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ეს განაჩენი არის პოლიტიკური, რაც საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე მიუთითებს.
„იმას, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობის პრინციპთან და სამართლიანი სასამართლოს იდეასთან. დღეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვიანი ეპოპეის დაგვირგვინება, რომლის მიზანიც არ იყო რაიმე კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის, ამ დანაშაულში რაიმე მოქმედებების განხილვა. ეს იყო სასამართლო პროცესებად წოდებული პროცესები, რომელიც პაპუაშვილის სიტყვების გასამართლება იყო. პაპუაშვილის, რომელმაც თავის დროზე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ალეკო ელისაშვილს ტერორიზმში არარსებული ბრალი დააბრალა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კობახიძემაც იგივე გააკეთა. ფაქტობრივად, განაჩენის წინ რამდენიმე წუთით ადრე, კიდევ ერთხელ ზეწოლა მოახდინა სასამართლო სისტემაზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერპრეტაცია დადო განაჩენის სახით. ეს არ არის კანონის უზენაესობა. ეს არის „ქართული ოცნების“, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზუსტად ისე, როგორც ეს არის ე.წ. საბოტაჟის საქმე, პარტიების აკრძალვის საკითხი ა.შ. ეს არის საქართველოში დემოკრატიის დასამარება“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.