მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 00:58
სწრაფი სიახლე
სპორტი

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია

SportMedia 25 ივლისი, 2026 · 17:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მიმდინარე „სოლიდარობის თასზე“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. მარკო ესპოზიტოს გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ტურნირის მასპინძელ ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში ჩინეთმა კამერუნის ნაკრები 31 ქულის სხვაობით გაანადგურა, ხოლო ქართველებმა მონტენეგროს 13 ქულით აჯობეს.

 

ჩინეთისა და საქართველოს მატჩი თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობითა და თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. მარკო ესპოზიტომ არც ამჯერად უღალატა თავის სტრატეგიას და მოედანზე 12-ვე კალათბურთელი გაიყვანა. მწვრთნელი აქტიური როტაციით ცვლიდა შემადგენლობას, რითაც მეტოქის თამაშის სპეციფიკასა და მოედანზე შექმნილ ვითარებას ერგებოდა. ქართველებმა ყურადღებიანი და აგრესიული დაცვის ხარჯზე შეძლეს ფავორიტად მიჩნეული მეტოქის შეჩერება.

 

პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 18:16 მოიგო. მეორე მეოთხედის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ჩვენი გუნდი კვლავ ლიდერობდა, თუმცა ჩინელებმა ბოლო წამებზე სწრაფი გარღვევებითა და პიკ-ენ-როლების ეფექტური დაგვირგვინებით შეძლეს წინ გაჭრა და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გასვლა – 46:42. მესამე პერიოდში მასპინძლებმა უკანახაზელების სწრაფი რეიდებით ჩვენი დაცვის დაქსაქსვა შეძლეს, ეფექტური კომბინაციები გაათამაშეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს – 63:52.

 

გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში ქართველებმა თამაში საგრძნობლად გამოასწორეს. ბექა ბექაურის, ვილი ისიანის, ლუკა მაზიაშვილის, ნიკოლოზ გაფრინდაშვილისა და თანაგუნდელების შედეგიანი თამაშის წყალობით, ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა და მოგების რეალური შანსიც გაჩნდა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ჩინელებმა მაქსიმალური მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ გამარჯვება 11 ქულის სხვაობით – 74:63 მოიპოვეს.

 

სათამაშო დრო ნაკრებში ისევ მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა და გუნდს გამოკვეთილი ერთი ლიდერი არ ჰყოლია. შედეგიანობის მხრივ ჩვენს შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩეოდა ბექა ბექაური, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გუნდს 8-8 ქულა შესძინეს. სწორედ ასეთი გუნდური თამაშითა და მედგარი დაცვით მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, რომ ჩინეთის ძლიერ ნაკრებთან, დაახლოებით 8 000 მაყურებლის თვალწინ, ღირსეულად ეთამაშა.

 

საქართველოს ნაკრები 26 ივლისს დაისვენებს, ხოლო 27 ივლისს „სოლიდარობის თასზე“ ბოლო მატჩს გამართავს მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც, როგორც იცით,  ტურნირის პირველ შეხვედრაში უკვე დაამარცხა.

 

GBF.GE

წყარო: Sportall.ge