თბილისის თავისუფალ ზონაში წარმოებული კომპონენტების Bosch Rexroth-ის ევროპული საწარმოებისთვის მიწოდება იწყება

თბილისის თავისუფალ ზონაში წარმოებული ჰიდრავლიკური კომპონენტები 2026 წლის აგვისტოს ბოლოდან Bosch Rexroth-ის ევროპულ საწარმოებს პირდაპირ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის თავისუფალ ზონა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზონაში მოქმედმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ Yasa Georgia LLC-მ გერმანული Bosch Rexroth AG-ისგან საქართველოში ჰიდრავლიკური სარქველების წარმოების, აწყობისა და ტესტირების ავტორიზაცია მიიღო. ეს ნიშნავს, რომ გლობალური ინდუსტრიული კომპანიისთვის განკუთვნილი მაღალი სპეციფიკაციის კომპონენტების წარმოების სრული პროცესი — წარმოება, აწყობა და ტესტირება — თბილისის თავისუფალ ზონაში განხორციელდება, საიდანაც მზა პროდუქცია Bosch Rexroth-ის ევროპულ საწარმოებში გაიგზავნება.
„სამომავლოდ კომპანია მიწოდების გეოგრაფიის ჩინეთის მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავს. თბილისის თავისუფალ ზონაში მიმდინარე ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია თბილისის თიზ-ში თანამედროვე საწარმოო საქმიანობის ინტენსიფიკაციის კუთხით. Yasa Georgia -სთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო მასშტაბის ინდუსტრიული პროექტია თბილისის თიზ-ში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიწოდების ჯაჭვებთან არის დაკავშირებული.
2025 წელს კომპანიამ პირდაპირი დამკვეთის ავტორიზაცია მიიღო Elevate Aircraft Seating-ისგან — Boeing-ის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან — ბიზნესკლასის სავარძლებისთვის განკუთვნილი ძირითადი სტრუქტურული ალუმინის ჩარჩოების წარმოებისთვის.
თბილისის თავისუფალ ზონაში წარმოებული ეს კომპონენტები გამოიყენება Boeing 787 Dreamliner-ის, Boeing 777-ისა და Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავებში. შესაბამისად, თბილისის თავისუფალ ზონაში მოქმედი საწარმო დღეს ერთდროულად არის დაკავშირებული როგორც საავიაციო, ისე ინდუსტრიული წარმოების საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„Bosch Rexroth-ის მსგავსი კომპანიის ნდობის მოპოვება, Boeing-ის სავარძლების მიწოდების ჯაჭვში კვალიფიკაციის მიღებიდან ასე მოკლე პერიოდში, ადასტურებს, რომ უმაღლესი საავიაციო და ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისი წარმოება საქართველოშიც შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია გლობალური მწარმოებლებისთვის, რომ საქართველო და უშუალოდ თბილისის თავისუფალი ზონა შეიძლება იყოს სერიოზული და საიმედო საწარმოო ბაზა“, — აცხადებს Yasa Georgia-ს დირექტორი Markus Müller.
Yasa Georgia და თბილისის თიზ
Yasa Georgia-ს საწარმო თბილისის თავისუფალ ზონაში 2024 წლიდან არის განთავსებული, სადაც კომპანიის საწარმოო მოდელი მოიცავს ნედლეულის მიღებას, კომპონენტების დამუშავებას, აწყობასა და ტესტირებას საქართველოში და საბოლოო პროდუქციის საერთაშორისო მომხმარებლებთან მიწოდებას.
თბილისში მდებარეობა და საწარმოო ინფრასტრუქტურა კომპანიას საშუალებას აძლევს, ევროპულ ბაზრებთან სწრაფი ლოგისტიკური კავშირი შეინარჩუნოს და წარმოება უშუალოდ საქართველოდან განახორციელოს.
Yasa Georgia-მ თბილისის თავისუფალ ზონაში საწარმოო შესაძლებლობები ბოლო პერიოდშიც გააფართოვა და დამატებით 1 300 კვ.მ ინდუსტრიული სივრცე აითვისა.
ამჟამად კომპანიაში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად Yasa Georgia მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.
“თბილისის თავისუფალ ზონაში განხორციელებული პროექტი აჩვენებს, რომ ზონის ტერიტორიაზე ვითარდება არა მხოლოდ სავაჭრო და ლოჯისტიკური საქმიანობა, არამედ მაღალტექნოლოგიური სპეციფიკაციის ინდუსტრიული წარმოებაც, რომლის პროდუქცია საერთაშორისო კომპანიებისა და მაღალგანვითარებული ბაზრების მიწოდების ჯაჭვებში ხვდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.