„როსავიაციამ“ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე 12 აგვისტომდე შეზღუდა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) მოსკოვის საავიაციო კვანძის (რომელიც აერთიანებს „შერემეტიევოს“, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებს) არეალში სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 4 900 მეტრამდე შეზღუდა და ამ საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ფრენები აკრძალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„როსავიაციაში“ აცხადებენ, რომ შესაბამისი შეტყობინება (NOTAM), რომელიც ავიაკომპანიებისთვის არის გამოცემული, 12 აგვისტოს 02:59 საათამდე იმოქმედებს.
მათივე განმარტრბით, აღნიშნული ზომები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
„როსავიაციის“ განცხადებით, 20 ივნისიდან დაწესებული დროებითი რეჟიმი, რომელიც ცენტრალური რუსეთის რიგ რეგიონებში მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავების, ასევე სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების 5 200 მეტრამდე სიმაღლეზე ფრენას ზღუდავს, კვლავ ძალაში რჩება.