მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:44
სწრაფი სიახლე
კულტურა

თბილისში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს – საუბარია კანონებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 12:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

თბილისში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.

საუბარია კანონებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას. საინიციატივო ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან. მათი თქმით, ახალი ინიციატივა ბრიტანული კანონის ანალოგია, რომლითაც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

“თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას.

ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს – დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის. თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას.

ამიტომ, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში,” – აცხადებს მსახიობი, საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი შანიძე.