2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდა

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“გამოცდის მიმდინარეობას თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აკვირდებოდა. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა.
უკვე გაიმართა სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, რომელშიც რეგისტრირებულთა 79%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
23–24 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. საგამოცდო პროცესი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კვლავ გრძელდება. ბოლო გამოცდა 29 ივლისს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდება, რითაც 2026 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდება”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.