თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი საქმიანი პარტნიორობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
„ბიზნესფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს. მათ სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, ორმხრივი ვაჭრობის ზრდისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი ბიზნესშეხვედრები (B2B), რომლებშიც მონაწილეობდა საქართველოსა და თურქმენეთის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, გამოცდილება გაცვალეს და იმსჯელეს ერთობლივი საინვესტიციო და კომერციული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
ღონისძიებას თან ახლდა თურქმენული კომპანიების გამოფენა, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ თურქმენეთის წარმოების, მრეწველობისა და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების მრავალფეროვან პროდუქტებსა და შესაძლებლობებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.