მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გივი მიქანაძე – იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული – ასევე, მოხდება პედაგოგების შერჩევა-გადამზადება, რათა შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, რეპეტიტორიუმი ჩაეშვას

IPN.ge 24 აგვისტო, 2026 · 20:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტრო მუშაობს იმ საკითხზე, რომ რეპეტიტორიუმის ფარგლებში 10 -ბავშვიანი ჯგუფები გაკეთდეს.

“ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.

რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29-ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10-ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი – ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი. ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.