მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 03:01
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი – 2012 წელს მოვიდა ხალხი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს აბრალებენ ომის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე – “ქართული ოცნება” არის ყველა სტრატეგიული დღის წესრიგის მქონე, რაც რუსულ იმპერიას აქვს

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 01:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 7-მა აგვისტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა 2012 წლის შემდეგ შეიძინა, რადგან, მისი თქმით, სწორედ მაშინ შეიცვალა ხელისუფლების შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

ფავლენიშვილის თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც რუსეთს აგრესორად მიიჩნევდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას ომის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე აბრალებს.

მისი თქმით, დღევანდელი მარშით პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

“7 და 8 აგვისტოს განსხვავება არ იყო პრინციპული 2012 წლამდე. იმიტომ, რომ 2012 წლამდე ქვეყანას ჰყავდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სამშობლოს არ აბრალებდა ბარბაროსული აგრესიის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე. 2012 წელს მოვიდა ხალხი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს დასაბამიდან აბრალებენ ომის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე. ივანიშვილმა საკუთარ პირველ პოლიტიკურ გამოსვლაში გააჟღერა ბრალდება და დღემდე მიყვებიან ამ ბრალდებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი 7 აგვისტო, რადგან ეს არის ის დრო, როდესაც ბარბაროსული აგრესია დაიწყო. მანამდეც მიმდინარეობდა აგრესია, მაგრამ სრულმასშტაბიანი დაბომბვა იყო, სწორედ 7 აგვისტოს.

დღევანდელი მარში არის 2008 წელს მებრძოლი ხალხის პატივსაცემად.

“ქართული ოცნება” არის ყველა იმ სტრატეგიული დღის წესრიგის მიზნის მქონე, რაც აქვს რუსულ იმპერიას. უნდა რომ ევროკავშირთან ინტეგრაცის პროცესი შეჩერდეს, ამერიკის შეერთებულ შტატები აღარ იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა რომ ჩვენ ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი მძლავრობდეს. ჩვენი მარში სწორედ, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგია”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.