მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას” – ადვოკატი

Ambebi.ge 24 აგვისტო, 2026 · 15:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.


  • როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

“დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი აბსურდი იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ა.შ. ის, რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში შინაარსობრივად წერია. დღეს სწორედ ეს ხდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. მიხვდა რომ ასეთ რამეს უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც შემონათვალი იყო. წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. აცხადებს და ალბათ, კიდევ განაცხადებს, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.