მეცნიერების საგანგაშო დასკვნა: რა ემართება ჩვენს გონებას თუ ტელევიზორს დღეში 3 საათზე მეტხანს ვუყურებთ?

შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი საყვარელი სტრიმინგ პლატფორმა გკითხავთ: “კვლავ უყურებთ?“ – კარგად დაფიქრდით, სანამ თანხმობის ღილაკს დააჭერთ. მას შემდეგ, რაც ტელევიზორები ოჯახების განუყოფელი ნაწილი გახდა, ექიმები და შეშფოთებული მშობლები მუდმივად გვაფრთხილებდნენ, რომ ეკრანთან გატარებული ზედმეტი დრო ზიანს აყენებს ჩვენს სხეულს, გონებასა და სოციალურ ცხოვრებას.
-
სწორედ ამ გაფრთხილებებმა წარმოშვა ცნობილი ტერმინი “couch potato“ (დივნის კარტოფილი), რომელიც აღწერს ადამიანებს, რომლებიც საათებს ატარებენ ტელევიზორის წინ.
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, თუ რა გავლენას ახდენს ეკრანზე მიჯაჭვულობა ჩვენს ორგანიზმზე.

-
მეხსიერების და გონებრივი აქტივობის გაუარესება: 25-წლიანი კვლევის შედეგები
ახალგაზრდობაში ტელევიზორის წინ გატარებული ხანგრძლივი საათები შესაძლოა დაკავშირებული იყოს გვიან ასაკში კოგნიტური ფუნქციების გაუარესებასთან.
2015 წლის მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 25 წლის განმავლობაში აკვირდებოდა 18-დან 30 წლამდე ასაკის 3 247 ადამიანს, შეისწავლა ტელევიზორის ყურებისა და ფიზიკური აქტივობის გავლენა შუა ასაკის კოგნიტურ უნარებზე. მკვლევრებმა მონაწილეებს სამი სხვადასხვა ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე, აღმასრულებელი ფუნქცია და ვერბალური მეხსიერება შეაფასა.
შედეგებმა აჩვენა, რომ დღეში 3 საათზე მეტი ტელევიზორის ყურება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ადრეულ ზრდასრულ ასაკში ასოცირდება უფრო დაბალ აღმასრულებელ ფუნქციებთან და ინფორმაციის დამუშავების შენელებულ სისწრაფესთან შუა ასაკში. ერთადერთი გამონაკლისი ის იყო, რომ აქტიურ მაყურებლებს ვერბალური მეხსიერების ტესტებში დაბალი შედეგები არ უჩვენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიგნებები პირველია, რაც მიუთითებს ამ ქცევების მნიშვნელობაზე კოგნიტური დაბერების პრევენციისთვის, მკვლევრები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ კვლევა პირდაპირ ვერ ამტკიცებს, რომ ტელევიზორის ყურება ან ფიზიკური უმოქმედობა უშუალოდ იწვევს კოგნიტურ დაქვეითებას.

-
დემენციის რისკი 42%-ით იზრდება
2023 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 3 საათზე მეტხანს უყურებენ ტელევიზორს, აქვთ დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკი მათთან შედარებით, ვინც დღეში 0-დან 1 საათამდე უყურებს.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მათ, ვინც ყველაზე მეტ დროს ატარებდა ეკრანთან და ამასთანავე ჰქონდათ დემენციის ოჯახური ისტორია, დაავადების რისკი 42%-ით გაეზარდათ, ხოლო ოჯახური ისტორიის არმქონე პირებში ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა. თუმცა, მეცნიერები მნიშვნელოვან შენიშვნას აკეთებენ: ასოციაცია ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზორი იწვევს დემენციას – შესაძლოა, კოგნიტური დაქვეითების ადრეულ ეტაპზე მყოფი ადამიანები თავად უფრო მეტ დროს ატარებდნენ ტელევიზორის ყურებაში.
-
“ტვინის ლპობა“ მეცნიერულად დადასტურდა – მცირდება რუხი ნივთიერება
როგორც ირკვევა, გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ “ტელევიზორი ტვინს გილპობს“, შესაძლოა რეალური მეცნიერული საფუძველი ჰქონდეს. რუხი ნივთიერება, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილია, პასუხისმგებელია ინფორმაციის დამუშავებაზე, მოძრაობის კონტროლზე, შეგრძნებების მართვასა და ემოციების რეგულირებაზე.
20 წლის განმავლობაში მკვლევრებმა შეაფასეს 599 მონაწილის ტელევიზორის ყურების ჩვევები და მოგვიანებით გაზომეს მათი შუბლის ქერქის, ენტორინალური ქერქის, ჰიპოკამპის რეგიონისა და მთლიანი რუხი ნივთიერების მოცულობა. შედეგად, მათ, ვინც ყველაზე მეტს უყურებდა ტელევიზორს, აღმოაჩნდათ რუხი ნივთიერების უფრო მცირე მოცულობა როგორც შუბლისა და ენტორინალურ ქერქში, ისე მთლიანად ტვინში.
“ინდივიდებს, რომლებიც საშუალოდ 1.5 საათით მეტხანს უყურებდნენ ტელევიზორს დღეში, ვიდრე მათი თანატოლები, ტვინის მოცულობა დაახლოებით 0.5%-ით შეუმცირდათ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა რაიან დოჰერტიმ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცენტი მცირედ გამოიყურება, მეცნიერების აზრით, ტვინის მთლიანობის შენარჩუნებას შეუძლია მნიშვნელოვნად გადაავადოს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითება.
-
ძილის რეჟიმის დარღვევა და მელატონინის ბლოკირება
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ტელევიზორმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ძილზე მელატონინის სეკრეციის დათრგუნვით და ძილის დროის გადაწევით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მელატონინი, რომელიც ხელს უწყობს ძილს, ითრგუნება მკვეთრი შუქით, მათ შორის ტელევიზორის ეკრანებიდან გამოსხივებული განათებით.
-
მაშ, რამდენი საათია კრიტიკული ზღვარი?
ტელევიზორის ყურებისთვის საყოველთაოდ დადგენილი “უსაფრთხო“ ლიმიტი არ არსებობს, თუმცა მრავალი კვლევა საგანგაშო ნიშნებს დღეში 3-და მეტ საათამდე ყურებისას აფიქსირებს.
იხილეთ ასევე: