“ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად ამ ჭუჭყის ზელას არ ვაპირებ“ – ნიკა გვარამია

“ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას არ ვაპირებ – უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ“, – ეს არის “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადება, რითაც ის სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
- გვარამიას შეფასებით, დღეს სააკაშვილმა ათასი ტყუილი იკადრა და შეგნებულად და მიზანმიმართულად ყველას და ყველაფერს აშავებს.
გვარამია სააკაშვილის მისამართით წერს იმასაც, რომ ციხე უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება.
”შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად არ ვპასუხობ პოლიტპატიმარ სააკაშვილს და თუ ვპასუხობ, ისიც ციხეში მყოფი ჩემი მეგობრების ან პარტიის წევრების დაბულინგების გამო. არც ერთხელ პირადად ჩემზე თავდასხმას არ გამოვხმაურებივარ, არც ერთხელ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უსინდისობასაც, უპასუხისმგებლობასაც და თავხედობასაც.
ამ უბედურებაში და დავიდარაბაში, როცა ქვეყნის გაყიდვის რეალობის წინაშე ვართ, როცა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვიმზადებენ, ხოლო ძველი ისტორიის ოქროს ფურცლად გამოგვიცხადეს, როცა აფხაზეთის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და აშკარაა, რომ რუსული სქემა თამაშდება რეჟიმის მიერ, როცა “ქოცები“ ერთმანეთს დარეულები და აშკარად აჭრილები არიან, როცა ყველა ერთად უნდა ვემზადებოდეთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და ძალებს ვაერთიანებდეთ, დღეს ათასი ტყუილი იკადრა სააკაშვილმა. ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები გვეძახა. ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, “რატომღაც”.
ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა, ოღონდ ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს, პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.
სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა. ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები.
ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სააკაშვილის ტყუილებს და შეურაცხყოფებს პასუხს თუ გასცემ, ეგრევე ჩაგრულის მანტიით შემოსილი გამოდის მისი “მარადის მსხვერპლი” პარტია (ფეხბურთში დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი ყველაფერზე რომ წუწუნებს და მიზეზობს “კაცი დაგვიმტვრიესო”, დაახლოვებით ისე) და მოყვება საჯარო გოდებას და სასაცილო კონსპირაციების მოყოლას. ბაბლი კიდევ ნაპერწკლებს აკვესებს, “რა დროს ეს იყოო”. ოღონდ თავად სააკაშვილი სწორ ადგილზე ოპოზიციის გინების კორიანტელს რომ აყენებს სისტემატურად, იმას შემწყნარებლურად უნდა უყურო, თურმე. თითქოს პოლიტიკურად საწყალი და შესაბრალისი იყოს ციხის საკნიდან საკუთარი თავის უალტერნატივო ლიდერად გამომცხადებელი კაცი.
არაა და არც უნდა იყოს საწყალი. მისი მმართველობის წლები, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, ჯერჯერობით საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არც უსინდისო ტყუილებს უნდა წერდეს, მეგობრებო და შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდეს ყველას და ყველაფერს. არც ყველაფრის ჩამშლელი და ყველას მაგინებელი უნდა იყოს და არც მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი. და ციხე აქ უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ზის, თინეიჯერიდან 70-ს გადაცილებულ მსოფლიო ვარსკვლავამდე. და კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა ერთობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახლა.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ.
p.ს. „ვოლი“ კომენტარებისთვის ჩაკეტილია. არავის გინება არ შედის ჩემს ამოცანებში და არც ამ საკითხზე ვინმეს პოზიცია“, – წერს ნიკა გვარამია.