“ღარიბაშვილს იმედი ჰქონდა, ივანიშვილი მოწყალებას გაიღებდა და გაათავისუფლებდა ამ ბრალდებისაგან მაინც” – რას ამბობს პოლიტოლოგი ექსპრემიერის “პოლიტიკურ ბრძოლაზე”

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციის ახალი ბრალდება წარუდგინეს, რომელიც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- ადვოკატების თანახმად, ის ბრალს არ აღიარებს; ოჯახი “ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
“ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, არარსებულ ბრალზეა საუბარი, ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს “, – განაცხადა ნათია თამაზაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისდამ, რომელიც ამავე დროს პოლიტიკოსის ადვოკატია.
ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი არ მოაწერა ბრალის დადგენილებას.
“ის არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას“, – თქვა მან.
- “ის, რაც დღეს ხდება, – ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ წერია, ამას გავაკეთებთო და დღეს ეს ხდება, – საზოგადოებასთან მაქვს კითხვა, კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ წარდგენილი ბრალი შეთითხნილია?
მისი ცალსახა პოზიციაა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ადვოკატმა.
გამოძიების თანახმად, – თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, ბურჭულაძემ ბიზნესმენისგან (საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე) გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად “ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი ბრალდება მოჰყვა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, სადაც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა.
ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა “მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.
- ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და “ბრძოლა“ გადაწყვიტა.
ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის “გადაზღვევას“ ცდილობდნენ.
მან განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე “სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
ცნობისათვის: ირაკლი ღარიბაშვილს 2025 წლის 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, მოგვიანებით, 2026 წლის 12 იანვარს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საპროცესო შეთანხმებით მიიღო 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია.
მას ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით.
მას შემდეგ ექსპრემიერი რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს.
Ambebi.ge-ს ამ თემაზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება:
– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კორუფცია სიახლეს არ წარმოადგენს და რაც თავი მახსოვს, მუდმივად კორუფციაში ვცხოვრობდით – კომუნისტები იქნებოდა, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი. ასე რომ, ამ სიახლით საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ვერ გააკვირვებთ. თუმცა, ყველა ხელისუფალი ირწმუნება, რომ მუდმივად ებრძვიან კორუფციას, ოღონდ, როცა მას ებრძვიან, კორუფცია უფრო და უფრო ზევით ადის იერარქიულ კიბეზე.
როგორც გახსოვთ, პირველ წერილში ღარიბაშვილი ლაპარაკობდა პასუხისმგებლობაზე, რომ მას რაღაცის აღიარებას სთხოვენ და ა.შ. ღარიბაშვილმა ან იცოდა რას უპირებდნენ, ან მას მართლა მოსთხოვეს რაღაც კორუფციული სქემის აღიარება. ცოტა გაუგებარია – დავუშვათ, აიღო თავის თავზე, რომ კორუფციული გარიგება ჰქონდა, მისთვის ეს რას შეცვლიდა, რა სიახლე იქნებოდა, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ალბათ, ბურჭულაძის აღიარება აღარ დასჭირდებოდათ და მასთან არ გაფორმდებოდა რაიმე ხელშეკრულება.
ნუ, ეს კიდევ, ასე ვთქვათ, დეტალია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაზეც ის ლაპარაკობდა, მან იცოდა, რომ რაღაც მზადდებოდა და პრევენციისთვის დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი, მას თურმე ბრალს წაუყენებდნენ, აქამდე ის ჩუმად იყო და აწი დაიწყებს ბრძოლას. თუმცა ამ კონტექსტში ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ საერთო გუნდიდან ივანიშვილი განეცალკევებინა და ეთქვა, რომ მისი ერთგული რჩებოდა.
- ის სახელისუფლებო გუნდიდან ივანიშვილის გამოყოფას იმიტომ ცდილობდა, რომ მისი იმედი ჰქონდა, ფიქრობდა, რომ მოწყალებას გაიღებდა და, ასე ვთქვათ, გაათავისუფლებდა ამ ბრალდებისაგან მაინც, თუ მთლიანად ციხიდან არა. რაც შეეხება იმას, რომ ის იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას და ასე შემდეგ, ღარიბაშვილის პოლიტიკური წონა, ისევე როგორც დღევანდელი მთელი გუნდისა, ივანიშვილის გარეშე, ფაქტობრივად არის ნულის ტოლი.
ხელისუფლებას დღეს თუ რაიმე რეიტინგი აქვს, მხოლოდ ივანიშვილის წყალობით. ამიტომ ახლა ღარიბაშვილის ლაპარაკი იმაზე, რომ ის პოლიტიკურ ბრძოლას დაიწყებს, არავისთვის არც საშიშია და არც რაიმე ხიფათის მომტანი. რომელ რისკზეა ლაპარაკი, ღარიბაშვილის პოლიტიკური კაპიტალი არის ნულს ქვემოთ, ამიტომ არავის არაფრის გადაზღვევა არ სჭირდება.
ღარიბაშვილთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული რაღაც ჯგუფი, რომელიც მისგან იღებდა გარკვეულ დივიდენდებს, მაგრამ ასეთ ვითარებაში ეს ხალხი არც პოლიტიკურ ბრძოლაში არც გაჰყვება და არც გაჰყვებოდა ღარიბაშვილს.
ასე რომ, როგორც პოლიტიკოსისგან, ღარიბაშვილისგან საფრთხე არის ნულის ტოლი.
“ქართულ ოცნებას” ღარიბაშვილის განცხადებების, რა თქმა უნდა, არ ეშინია. თავისთავად, მისი გათვლა, რომ ივანიშვილისთვის როგორღაც თავი მოეწონებინა თუ შეეცოდებინა, მგონი, არასწორი გათვლა იყო, ვინაიდან მისი დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. ახლა რატომ გააკეთებს ივანიშვილი იმას, რომ უკან წაიღოს თავისი შეთანხმება დანარჩენ გუნდთან?
– ღარიბაშვილის წერილებს ახალი ბრალის წაყენება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მიმართ ბრაზი არ გამოუხატავს. ანუ მდინარაძე-კობახიძის გუნდთან დაპირისპირებამაც გაართულა საქმე?
– ღარიბაშვილის მცდელობა, რომ ამ წერილებით რაღაც შეღავათი მიეღო, მისი პოზიციისთვის ალბათ უფრო წამგებიანია, ვიდრე – მომგებიანი.
მდინარაძე-კობახიძეს როგორც არ უნდა დაუპირისპირდეს, მერე რა? ბიძინას გადასაწყვეტია, კობახიძე იქნება პრემიერი თუ – არა. ბიძინამ თუ ჩათვალა, არ უნდა იყოს, არც იქნება. ღარიბაშვილი პირველად ხომ არა, ბიძინამ ადრეც მოხსნა, მაშინ უბრალოდ, ციხეში არ გაუშვა. მას შემდეგ რამდენი პრემიერი იყო ქვეყანაში და არავის მოხსნა ივანიშვილს არ გასჭირვებია, არც ახლა გაუჭირდება. ნუ, შეუძლია ერთ დღეში გაათავისუფლოს კობახიძეც, მდინარაძეც და საერთოდ ეს გუნდი, თუ ამას გადაწყვეტს და მისთვის ეს რაღაც ხიფათის შემქმნელი იქნება. ასე რომ, ღარიბაშვილის გზავნილი, რომ “მე შენთან ვარ და რაშიც გინდა მოგეხმარები“, ივანიშვილისთვის არაფერს ნიშნავს. ივანიშვილმა მშვენივრად იცის თავისი ძალაც და პოზიციაც ღარიბაშვილთან ერთად, თუ ღარიბაშვილის გარეშე.
– მისი პოლიტიკური ბრძოლა როგორ წარმოგიდგენიათ, ბოლომდე არის ყველაფრის მთქმელი?
– არანაირი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნება. ძალიან მეეჭვება, რომ ღარიბაშვილმა გაბედოს და რაღაც თქვას, რომ აი, კორუფციაში თვითონ კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ რაღაც კორუფციულ ფულში ივანიშვილიც იყო გარეული. ივანიშვილის წინააღმდეგ ღარიბაშვილს არ ეყოფა გამბედაობა, რაიმე თქვას. გარდა ამისა, ახლა იმედია, იმას მაინც ხვდება, რომ ასეთი განცხადება მისთვის ძალიან სარისკო იქნება.
ყველა დარწმუნებულია, რომ ახლა კორუფციაა ქვეყანაში და როცა და რაც დასჭირდებათ, იმ მუხლს მიუყენებენ, თუ დასჭირდათ – სამშობლოს ღალატსაც. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სამართლის ძიება ქიმერული ოცნებაა მართალიც რომ იყო, მაშინაც კი… არ ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვერ მოვიტან, მაგრამ ქვეყანაში კორუფციაა…
არ ვიცი, რას უკავშირდება ღარიბაშვილის ამბავი, რა ქონებაც იშოვა, იმას ედავებიან, რამდენი მიიტანა და რამდენი უნდა მიეტანა და ა.შ. ალბათ იქ რაღაცნაირად დადგენილია წილები, ვის რამდენი ეკუთვნის და როგორ ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო, არაფორმალურად, რა თქმა უნდა. მაგ. შევარდნაძის დროს ყველამ იცოდა, საბაჟოში რამდენი უნდა გადაეხადა და, ზოგადად, ვის რა უნდა გადაეხადა.
მერე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს საყოველთაო კორუფცია ელიტარულ კორუფციაში გადაიყვანა და ელიტარული კორუფცია საკმაოდ კარგა ხანს იყო საქართველოში, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ნელ-ნელა გააფართოვა ეს არეალი. დღეს მთლად საყოველთაო კორუფცია არ გვაქვს, მაგრამ კორუფციული ნიშნები ჩნდება ყველგან და ყველაფერში. ამ ავტორიტარულ-კორუფციულ სისტემას კიდევ თავისი კანონზომიერებები აქვს.
გარიგებების გარეშე თუ შეიცვალა ხელისუფლება, რაც საკმაოდ საეჭვოა (მაგრამ მცირედი ალბათობა მაინც არსებობს), არა თუ ვიღაცეებს, ივანიშვილსაც აქვს საფრთხე, რომ ის კორუფციაში იქნას მხილებული და დადანაშაულებული. ასეთ სისტემებში დაზღვეული არავინაა, მოდის ახალი გუნდი და იწყებს ძველი გუნდის ჩაძირვას. საბჭოთა კავშირში როგორ ხდებოდა: სტალინი მოვიდა – ლენინის გუნდი ჩაძირა, მერე ხრუშჩოვი მოვიდა – სტალინის გუნდი, შევარდნაძემ მჟავანაძის გუნდი ჩაძირა, შევარდნაძის გუნდი – პატიაშვილმა და ა.შ…. აქ ნდობის ფაქტორი მუშაობს და არა სისტემის. მართვა სისტემურობაზე ხომ არ არის დამოკიდებული, კარიერა დამოკიდებულია ნდობაზე. გარიგება თუ შედგა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი დარჩება ხელუხლებელი. მაგრამ თუ გარიგება არ შედგა, მაშინ მას იგივე საფრთხე ელოდება, თუ ვერ გაასწრო.
– თვენი აზრით, რატომ გაწირა ივანიშვილმა მისი ნომერ პირველი ფავორიტი?
– როგორც ჩანს, ღარიბაშვილს ზედმეტი მოუნდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კორუფციულ ვერტიკალში არა მარტო ე.წ. “სტავკებია” განსაზღვრული, არამედ მოქმედების დიაპაზონებიც განსაზღვრულია და თუ გათავხედდი, მაშინ ისჯები. ამ ვერტიკალში განსაზღვრულ თამაშის წესებს არ უნდა გადაუხვიო.
ექსპრემიერი ნამეტანი გათამამდა, ითქვა, რომ კახეთში, სუფრაზე რაღაც ილაპარაკა, არ ვიცი, რა თქვა, მაგრამ ცხადია, რომ ღარიბაშვილმა ვერ შეირგო ის, რაც ივანიშვილმა გამოუყო და როგორც ჩანს, წითელი ხაზებიც გადაკვეთა და მიიღო ის, რაც მიიღო. გარდა ამისა, ეს სისტემაც ასეთია, რომ გარკვეულ დროში, თამაშის ლოგიკიდან გამომდინარე, როცა ამ ლოგიკას ვიღაც არღვევს, ის ისჯება და ეს ცხადდება, რომ ხელისუფლება ებრძვის კორუფციას, სამშობლოს მოღალატეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.