ირანის ეკონომიკის მინისტრი – აშშ-ის სანქციებისთვის სრულად მზად ვართ

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ის გაფართოებული ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის ეკონომიკის მინისტრის ალი მადანიზადეს მტკიცებით, ირანი აშშ-ის სანქციებისთვის მზად არის.
„ჩვენ სრულად მზად ვართ აშშ-ის სანქციებისთვის. ბუნებრივია, მტრები აპირებენ ჩვენზე ეკონომიკური ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი ინსტრუმენტები და ვიცით, როგორ ვითამაშოთ ეს თამაში. ჩვენი თავდაცვა აღარც ისეთი თავდაცვითია; მტრები თავდასხმას უნდა დაელოდონ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ალი მადანიზადეს თქმით, ახალი ზომები ჩინეთისთვის და რუსეთისთვის მიუღებელია და მისი პროგნოზით, სხვა ქვეყნებიც წინააღმდეგობას გაუწევენ სანქციებს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გუშინ განაცხადა, რომ ახალ სანქციებს დააწესებენ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ. მისივე თქმით, აშშ-მა “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ. ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები.