შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე

“ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში”, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილების შესახებ კითხვას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოში არ მოხდეს და ასევე ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.
“საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა რასთან გვაქვს საქმე. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით – ყულევში, რაც პორტსა და არც ქარხანაში არ ხდებოდა სანქციების დარღვევა. ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია იყო დარღვეული.
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე: ზოგიერთ ძალებს სურდათ, საქართველოში შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა და ეს არის ბიზნესი, რომლითაც ეს კონკრეტულად საწარმო იყო დაკავებული და გადამუშავებას ახდენდა მათ შორის რუსული ნავთობპროდუქტებისა. სურდათ ისე შეეზღუდათ, რომ ეს სანქციებში არ შეეტანათ. ჩვენ თავის დროზე ამას ვეუბნებოდით, რომ თუკი რაიმეს შეზღუდვა უნდოდათ, შეეყვანათ სანქციებში, ეთქვათ, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია, სანქცირებულია და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდება. ისინი კი რას გვეუბნებოდნენ – ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ კარდაკარ და გვეუბნებოდნენ, რომ სანქციებს არ დააწესებდნენ.
სანქციებს იმიტომ არ აწესებენ, რომ თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აიძულეთ ბიზნესმენები, ნავთობი არ შემოიტანონო. ჩვენ ვუთხარით, რომ შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ უკანონო ზეწოლა განგვეხორციელებინა ბიზნესზე. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას სახელმწიფო არ გააკეთებდა, რადგან ეს არ იყო სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც რასაც უნდოდათ, იმას ეტყოდნენ და აკეთებიდნებდნენ. რომ ნახეს, რომ სახელმწიფო არ აპირებს უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი და არასამართლებრივი გზებით ზეწოლა მოახდინოს, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან. ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, მას ჩაანაცვლებენ სხვა ნავთობით. ეს მათი ბიზნესგადაწყვეტილებაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ ის კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.