მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 19:50
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ალოობა ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა – შალვა პაპუაშვილი

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 18:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

დღეს დედოფლისწყაროში აღინიშნება ალოობა. შარშანაც გახლდით, იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა, დღეს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად. ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კახეთში განაცხადა, სადაც ხორბლის მოსავლის აღებას დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ხორბლის კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“სულ ახლახან გამოქვეყნდა ბოლო კვლევები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო 8000-წლოვანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად არის ხორბლის კულტივაციის კერა, სადაც გვაქვს უნიკალური ჯიშები, 5 ენდემური ჯიში და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ასე რომ, დადასტურებულია, რომ საქართველო არის კულტურული ხორბლის ავტონომიური კერა.

ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარდა სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხის დანახვისა, ამაში ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი დავინახოთ.

რაც შეეხება თავად ხორბლისა და ქერის მოსავალს, ახლა გახლდით ხორბლის აღების პროცესზე, არის კარგი მოსავალი. მართალია, წვიმები იყო და ცოტა დაგვიანდა მოსავლის აღება, თუმცა, მოსავალი კარგი არის და ყველა ფერმერს ვუსურვებ, რომ ჰქონდეთ კარგი მოსავალი და შემოსავალი და შევიდეს ოჯახებში ის კეთილდღეობა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებით იღებს ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით ეხმარება ფერმერებს და ამ მხრივ ჩანს კიდეც ის, რომ მოსავლის პროდუქტიულობა იზრდება და აქედან გამომდინარე იზრდება საბოლოო ჯამში შედეგიანობა სოფლის მეურნეობაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.