მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 20:36
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ზრდასრულ ადამიანებს კბილები ხელახლა ამოუყვანოს – რაზე მუშაობენ იაპონელი მეცნიერები?

Ambebi.ge July 12, 2026 6:56 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბოლოს როდის გესტუმრათ კბილის ფერია? ალბათ უკვე დიდი ხანია, ბალიშის ქვეშ მონეტის პოვნის ასაკიც წარსულს ჩაბარდა, ხოლო დაკარგული კბილის შემთხვევაში ადამიანების უმეტესობა დღეს იმპლანტებს, პროთეზებს ან სხვა სტომატოლოგიურ მკურნალობას მიმართავს.

თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ არც ისე შორეულ მომავალში ეს შესაძლოა შეიცვალოს. მათი მიზანია ისეთი მეთოდის შექმნა, რომელიც ადამიანს დაკარგული კბილის ბუნებრივად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

ჟურნალ Popular Mechanics-ის ინფორმაციით, იაპონელი მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტებს პრეპარატზე, რომელმაც შესაძლოა კბილების ხელახალი ზრდა შესაძლებელი გახადოს. თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, ახალი მკურნალობა 2030 წლისთვის რეალობად შეიძლება იქცეს.

კვლევას ოსაკაში მდებარე კიტანოს საავადმყოფოს სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სტომატოლოგიის ხელმძღვანელი, კაცუ ტაკაჰაში ხელმძღვანელობს.

„გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებმაც კბილები დაკარგეს ან თანდაყოლილად აკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ არსებობს მკურნალობა, რომელიც დაკარგული კბილის სრულად აღდგენას უზრუნველყოფს, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მოლოდინი ძალიან მაღალია“, – ამბობს ტაკაჰაში.


  • მკვლევრების თეორიის მიხედვით, ადამიანს განვითარების ადრეულ ეტაპზე მესამე რიგის კბილების წარმოქმნის პოტენციალი აქვს. ყბაში რჩება ე.წ. „კბილის კვირტები“, რომლებიც ჩვეულებრივ აღარ ვითარდება.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესს აფერხებს ცილა, სახელად USAG-1, რომელიც კბილების რაოდენობას არეგულირებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ექსპერიმენტული პრეპარატი TRG035, რომლის მიზანიც ამ ცილის დაბლოკვაა. მკვლევრების ვარაუდით, ამის შედეგად ორგანიზმი კბილის ბუნებრივად გაზრდას შეძლებს.

ტაკაჰაშის გუნდმა ახალი პრეპარატი უკვე გამოსცადა ვირთხებზე, ფერეტებსა და ძაღლებზე. მკვლევრების თქმით, ცდებმა დადებითი შედეგები აჩვენა და მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფერეტებზე ჩატარებული კვლევა, რადგან ამ ცხოველების კბილების სტრუქტურა ადამიანისას ძალიან ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შედეგების დადასტურება დროის საკითხია, მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. თუ მათი მოლოდინი გამართლდება, შესაძლოა სულ რამდენიმე წელიწადში დაკარგული კბილის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით აღარ გახდეს აუცილებელი და ადამიანებს საკუთარი, ბუნებრივად გაზრდილი კბილების დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

წყარო