მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 21:39
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარეზე ავარიულად დაეშვა – ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა

Prime Time July 12, 2026 8:19 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ნიუ-იორკში, მდინარე ისტ-რივერზე ჰიდროთვითმფრინავმა უხეში დაშვება განახორციელა. ინციდენტი დაახლოებით შუადღისას მოხდა, – ინფორმაციას ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, პილოტის ჩათვლით.

წყალზე დაშვების შემდეგ საფრენი აპარატი ზედაპირზე დარჩა და არ ჩაძირულა. მოგვიანებით ის ნავმისადგომთან ბუქსირით გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული დაზიანებების თავიდან აცილება მოხერხდა.

ორმა მგზავრმა მსუბუქი ტრავმები მიიღო. ერთ-ერთი დაზარალებული 75 წლის მამაკაცია. „ჯერ კიდევ შოკში ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი გადავრჩი“  – ამბობს გადარჩენილი მგზავრი.

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ საუბარია „Kodiak 100“ ტიპის ჰიდროთვითმფრინავზე. უწყების მონაცემებით, უხეში დაშვებისას ფრთის ერთ-ერთი საყრდენი გატყდა. ასევე ზუსტდება, რომ ამ მომენტში დისპეტჩერები ბორტისთვის საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურებას არ ახორციელებდნენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინციდენტამდე ჰიდროთვითმფრინავი ასრულებდა რეისს ლონგ-აილენდზე მდებარე ქალაქ ისტ-ჰემპტონიდან. მომხდარ ფაქტს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო იძიებს.