მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“გამორჩეულ ბავშვებს ვკარგავთ…ამას სჩადიან ადამიანები, რომლებსაც ვიღაცებმა იარაღის ტარების უფლება მისცეს” – საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ვერაზე მომხდარ დანაშაულზე

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 11:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

23 ივლისს, თბილისის ცენტრში უმძიმესი დანაშაული მოხდა – ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

  • მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. “ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

  • ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, კრიმინალზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნულ თემაზე Ambebi.ge-ს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესაუბრებიან:

რატი ამაღლობელი – პოეტი:

ეს უბედურება ყველას შეეხება, რადგან რეჟიმი ძალადობას და კრიმინალს ახალისებს – მე იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ატმოსფერო ასაზრდოებს. საუბედუროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა არაერთხელ გვინახავს. რა ხდება იმ დროს, როცა ახალგაზრდები ერთმანეთს ხოცავენ? – მთელი პოლიცია და სამართალდამცავი სისტემა ოპონენტების დევნითაა დაკავებული: საქმეები `იკერება – ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და საერთოდ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

ციხეშია დამწყვდეული არაერთი ცნობილი პიროვნება. ნახეთ, რამდენი პოლიტპატიმარი გვყავს და ამ ფონზე, სისტემის ყურადღება კორუფციისა და დანაშაულისკენ კი არ არის მიმართული, არამედ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისკენ. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენს თვალწინ ამდენი მკვლელობა და უბედურება.

ყველამ მოვისმინეთ, რაც დაკავებულის დედამ განაცხადა: პოლიციას ვთხოვე – იარაღი წაიღეთ, ჩემი შვილი არ არის სრულ ჭკუაზეო, მაგრამ არ წაართვეს, დაუტოვეს, საკითხავია, რატომ?! სტიქიური უბედურების დროს, მეტი მსხვერპლია იქ, სადაც კორუფცია მეფობს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. დანაშაულის პრევენციაზე ლაპარაკი ზედმეტია იმ ქვეყანაში, სადაც ძალადობრივი სისტემა და კორუფცია ბატონობს. სამწუხაროა, მაგრამ ვერაფრით დაგამშვიდებთ. ნურავის ეგონება, რომ თუ ამ ყველაფერზე არ ილაპარაკებს, თუ ჩუმად იქნება, ეს უბედურება არ შეეხება.

არა, ყველას შეეხება, რადგან რეჟიმის ბუნებაა ასეთი – ის კრიმინალს და ძალადობას ახალისებს.

გია ბუღაძე, მხატვარი:

რა უნდა გითხრათ, როცა ასეთ გამორჩეულ, კალმით ნახატ ბავშვებს ვკარგავთ?! თან, ამას სჩადიან პათოლოგები, რომლებსაც ვიღაცებმა იარაღის ტარების უფლება მისცეს. თუმცა, რა გვიკვირს? უინტელექტო და პათოლოგიური გადახრების მქონე ადამიანისთვის, აგრესია ჩვეულებრივი ამბავია. რაც მთავარია, ეს მოღალატე, გაიძვერა ხელისუფლება ასეთ ხალხს ხელს აფარებს, რატომ? არეულობა ხელს აძლევს, ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა ადვილია.

ქვეყნის სათავეში კრიმინალური ცნობიერების მქონე ხალხი დგას და ვიდრე ეს სისტემა არ შეიცვლება, ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვიქნებით. გავიხსენოთ, როგორ სცემდნენ და ასისხლიანებდნენ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებს, როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ ჟურნალისტები, ამის მერე, ყველას სათითაოდ გვირეკავდნენ და დედას გვაგინებდნენ. მოხუც მშობლებს და არასრულწლოვან ბავშვებს გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ სიტუაციაში ძალადობა რატომ გიკვირთ?!

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა – რატომ აქვს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს იარაღის ტარების უფლება, ვინ შეუწყო ხელი, რომ იარაღი ჰქონოდა?! ეს იმ კორუფციის ბრალია, რომელიც ამ სისტემის ზემო და ქვემო ეშელონებშია გამჯდარი. ალბათ, მკვლელს უბნის საძმოსთან ჰქონდა საქმე ჩაწყობილი, ან ფული გადაიხადა.

ნუთუ, ძნელია მისახვედრია? როცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს იარაღს და ძალაუფლებას აძლევ, ჰგონია, რომ ყველაფერი ეპატიება და ასეთ საშინელებებს სჩადის. კი ბატონო, დანაშაული ყველგან ხდება, მაგრამ მისი პრევენცია ხომ აუცილებელია?! კანონი ისე უნდა ააწყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტრაგედია მოხდეს. ჩვენს ქვეყანაში კი კანონი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება: მთავარია, ხელისუფლების წევრებმა სკამები და კეთილდღეობა შეინარჩუნონ და ყველაფერზე წავლენ.

ნახეთ, როგორ ჯოჯოხეთში აცხოვრებენ ჩვენს ახალგაზრდებს და თან გვიმტკიცებენ, მშვიდობას ვიცავთო. რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანაში ნამდვილი შიდა ომია?! სიმართლე ის არის, რომ ამ ჩვენს დიდებულ, ლამაზ ქვეყანას, ძალადობა და უსამართლობა განაგებს.

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:

ისედაც ცოტანი ვართ და გული მტკივა, ახალგაზრდები ერთმანეთს რომ არ ინდობენ! ვერავინ უარყოფს, რომ მსგავსი ფაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. ბოლო წლებშიც, რამდენი საშინელი დანაშაული გახმაურდა, როცა უცხოეთის რომელიღაც სკოლაში მოსწავლე შევარდა და ადამიანები დახოცა. იცით, მე რა მაწუხებს? – ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ვინმეს დანით რომ დაჭრიდნენ, მთელი ქალაქი ფეხზე დგებოდა. ერთი უბნის ახალგაზრდები მეორესთან კი ჩხუბობდნენ, მაგრამ ამდენი მკვლელობა და უბედურება არ იყო. საქმეში უფროსები ერეოდნენ, გამშველებელიც იქ იყო, რომ მოწინააღმდეგეები დაემშვიდებინა, ახლა კი, ყველაფერი შეიცვალა.

ალბათ იმიტომ, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან დიდი აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან: აგრესია მოდის ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან, ფილმებიდან და ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჰოდა, ამ ბავშვებს ტვინი აუდუღდათ და გაცილებით დაუნდობლები გახდნენ, ვიდრე ჩვენი თაობა იყო. 23 ივლისს დანამდვილებით რა მოხდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ საიდან ჰქონდა დამნაშავეს იარაღი, სად ისწავლა სროლა? – ეს ყველაფერი საყურადღებო და დასადგენია.

რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდა რას აკეთებდა და აფექტის მდგომარეობაში იყო. გამოგიტყდებით: იარაღი ძალიან მიყვარს, მისი გამოყენებაც ვიცი, მაგრამ ადამიანს როგორ ვესვრი, რაც უნდა დამიშავოს?! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ახალგაზრდა ნარკოტიკული ნივთიერებების, ან ფსიქიკური დაავადების ზემოქმედების შედეგად სჩადის ასეთ დანაშაულებს, ამიტომ, ფსიქიატრიული კლინიკების გახსნაც საჭიროა. თბილისში ძალიან ბევრი ლტოლვილია, ბევრი უცხოელია ჩამოსული, ამიტომ, ჩვენს ქალაქს თავისი კანონები რომ ჰქონდა, აღარ მოქმედებს. შესაბამისად, პოლიციამ უნდა გაამკაცროს ზედამხედველობა იარაღის და ნარკოტიკის გამოყენებაზე.

გული მტკივა, რომ ასე ცოტანი ვართ, ერთი ციდა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთმანეთს არ ვინდობთ. რასაკვირველია, მთელი გულით ვიზიარებ დაღუპული ბიჭის ოჯახის მწუხარებას!

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე