მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 13:01
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დღეს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა – ტაძრის ისტორია, სადაც შვილდაკარგული ოჯახები ლოცულობენ

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 11:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.

წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.

წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის ისტორია.
დიდმოწამისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და სასოების დასტურია თბილისში, ზემო ვერის სასაფლაოზე (გ. რჩეულიშვილის ქუჩა) მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი.

ეს XIX საუკუნის მიწურულს აგებული ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიაა, რომლის კედლები აგურითაა ნაშენი, ხოლო გუმბათი  ქვის. ათეიზმის მძიმე ხანაში ტაძარმა გაიზიარა მრავალი მიტოვებული სალოცავის სავალალო ხვედრი, მოუვლელობამ და საკულტო ფუნქციის იძულებით შეჩერებამ გაავერანა მისი როგორც ინტერიერი, ისე შემოგარენი.

ხანგრძლივი მდუმარება 1989 წელს დარღვია, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარში საღვთო ლიტურგია აღდგა. ამ დროიდან ეკლესია მოქმედია.

ტაძარს განსაკუთრებული, სულიერი მისია აკისრია,  მის მრევლში მრავალია შვილდაკარგული ოჯახი. ტაძრის შესასვლელში განთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია განახლდა და აღდგა უდროოდ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად — მათი მეგობრებისა და ახლობლების შემწეობით.

დღესდღეობით ტაძარი დამშვენებულია ახლად დაწერილი კანონიკური ხატებითა და ფრესკებით.