მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა კორუმპირებული პასუხს აგებს, ამის გარანტიას გაძლევთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხალხთან ერთად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს – ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია

IPN.ge 24 აგვისტო, 2026 · 20:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ყველა კორუმპირებული, ქართველი ხალხის ყველა მძარცველი, პასუხს აგებს. ამის გარანტიას გაძლევთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხებს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ფავლენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების კორუფცია აშკარავდება.

„14 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ ბინძური პროპაგანდის და ბინძური ჭორების მთავარი სამიზნე. დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებიც ამ ბინძური პროპაგანდის ავტორები იყვნენ, საბოლოოდ თავიანთ ბნელ ზრახვებზე საუბრობენ იმიტომ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც არ დადასტურებულა ჩვენი მისამართით, დადასტურდა და თვითონვე აღიარეს იქამდე, სანამ ძალაუფლებას დაკარგავდნენ. ისინი საუბრობენ ჯარის ძარცვაზე. შეგახსენებთ, საქართველოში ყვაოდა სამხედრო ინდუსტრია და ჩვენ გვქონდა თანამედროვე ქართული შეიარაღება. მათ არათუ გააჩანაგეს ეს ყველაფერი, არამედ გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი თანხებს ტომრებით ატარებდა მინისტრთა კაბინეტებში. ასე ძარცვავდნენ ისინი ქართულ არმიას. ისინი საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე და გამოდგა, რომ სუს-ის უფროსი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეს ყველა ადამიანი რუტინული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ატარებდა ამ ტომრებით ფულს და ერთმანეთს აძლევდნენ ქრთამს. ახლა ერთმანეთზე დაიწყეს ამ ჩვენებების მიცემა. რამდენი ასეთი ჩვენების მოსმენა მოგვიწევს მომავალში, მოსახლეობას უკვე წარმოდგენილი აქვს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, რასაც ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა, „ქართულ ოცნებას“ დაუდასტურდა.

„მათ ეს ყველაფერი უკვე აღიარეს. საბოლოო განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა, არის აღსასრულებელი ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში ვერ ეღირსებით კრიმინალურ რუსულ გუბერნიას. ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ თავისუფალ, სამართლებრივ სახელმწიფოში. ყველა კორუმპირებული, ქართველი ხალხის ყველა მძარცველი, პასუხს აგებს. ამის გარანტიას გაძლევთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხებს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს. ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.