“ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის – აღკვეთის გარეშე დატოვება ალოგიკური იქნება, უკეთესია დაწესებულებაში ყოფნა” – ვერაზე მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

მტკიცებულებები არის, რომელიც ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან ჩვენების მიცემა, – ამის შესახებ ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ განაცხადა.
-
მისი თქმით, რა სახის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე გადაწყვეტს.
“თითი აქვს დაზიანებული. ეტყობა არ იძლევა ჯანმრთელობა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოში ჩატარდეს პროცესი.
ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის. მტკიცებულებები არის, რომელიც ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან ჩვენების მიცემა.
მას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა წარსულში და იარაღი მასთან ინახებოდა.
რაც შეეხება აღკვეთს, აღკვეთის გარეშე დატოვება რომც მოვითხოვო, ეს ალოგიკური იქნება, უკეთესი იქნება მისი დაწესებულებაში ყოფნა. როგორ წარმოგიდგენიათ, გირაოთი რომ გამოუშვან, რა მოხდება მაგ შემთხვევაში?” – განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
- ინფორმაციისთვის, 42 წლის ნიკა კაპანაძის სასამართლო პროცესი, დღეს, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდება. მას 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობას და 3 პირის მკვლელობის მცდელობასთან ერთად სხვა ბრალდებებიც აქვს. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდება მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. “ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.