ლინდსი კლენსის საქმის დეტალები – დედა, რომელსაც 3 შვილის მკვლელობა ედება ბრალად

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ერთი სასამართლო პროცესისკენაა მიმართული – ლინდსი კლენსის საქმე.
დედა, რომელსაც 3 შვილის მკვლელობა ედება ბრალად.
საქმეს უკვე უწოდეს „ამერიკის ყველაზე ტრაგიკული სასამართლო“.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 2023 წლის 24 იანვარს ლინდსი კლენსიმ თავისი სამი შვილი – 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი – სავარჯიშო ზოლების გამოყენებით მოკლა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა დედის მიერ შვილების მკვლელობა მშობიარობის შემდგომმა ფსიქოზმა გამოიწვია.
გასულ კვირას კი ლინდსი კლენსის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების, კონსულტანტების, ფსიქიატრებისა და მედიკამენტების ექსპერტებისგან მოისმინეს, რა ვითარებაში მოკლა ახალგაზრდა დედამ სამი შვილი.
საქმემ მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კლენსის სამართლებრივ დაცვას მისი ახლა უკვე ყოფილი ქმარი უჭერს მხარს.
გასულ კვირას წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა გააძლიერა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც კლენსის ზედმეტად ბევრი მედიკამენტი ჰქონდა დანიშნული და საჭირო დახმარებას სათანადოდ ვერ იღებდა. დაცვის ვერსიით, ახალგაზრდა დედა დახმარების მიღებას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფსიქოტური ეპიზოდი განუვითარდა, რასაც დაუდგენელი მშობიარობის შემდგომი დეპრესია კიდევ უფრო ამძიმებდა. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ კლენსის სამედიცინო გუნდმა მასზე ზრუნვის ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა.
სამმა ფსიქიატრმა, რომლებიც კლენსის 2023 წლის იანვარში მომხდარ მკვლელობებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არ დაუსვეს მას მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის დიაგნოზი.

ექიმმა ალია გუდჰარტმა განაცხადა, რომ კლენსის „დაბალი რისკის“ პაციენტად მიიჩნევდა. კლენსიმ მას უთხრა, რომ უძილობა და სუიციდური ფიქრები ჰქონდა, თუმცა მათი განხორციელების გეგმა არ გააჩნდა.
კიდევ ერთმა ფსიქიატრმა, ექიმმა ჯენიფერ ტაფტსმა, სასამართლოს განუცხადა, რომ კლენსი წუხდა, შესაძლოა, თუ თავს კვლავ ცუდად იგრძნობდა, მომავალში სუიციდური ფიქრები გასჩენოდა. თუმცა, ექიმის თქმით, მას მანიაკალური ეპიზოდის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ტაფტსი და გუდჰარტი იმ ექიმებს შორის არიან, რომლებიც კლენსისა და მისი ყოფილი ქმრის მიერ შეტანილ სამედიცინო დაუდევრობის სარჩელში არიან მოხსენიებული.
სასამართლოში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვის განმავლობაში კლენსის ფსიქიატრიული პრობლემების გამო 13 სხვადასხვა მედიკამენტი ჰქონდა დანიშნული.
კლენსი არ უარყოფს, რომ შვილები მოკლა, თუმცა მისი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მშობიარობის შემდგომმა ფსიქოზმა რეალობის აღქმა დაუმახინჯა.
მას შემდეგ, რაც კლენსიმ სამი შვილი – რვა თვის კალანი, ხუთი წლის კორა და სამი წლის დოუსონი მოკლა, 32 წლის ქალმა სიცოცხლის თვითდაზიანებით დასრულება სცადა და მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. შედეგად, მას წელის ქვემოთ დამბლა განუვითარდა.

სასამართლომ ასევე მოისმინა შტატის პოლიციის გამომძიებლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კლენსი ოდესმე შვილებზე ძალადობდა.
კლენსის ბავშვობის მეგობარმა, ემი ბივინსმა, ის აღწერა როგორც „კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი და კარგი დედა“. მისი თქმით, კლენსი ღიად საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე და მეგობარს უთხრა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელსაც იღებდა, მას „ბნელ ფიქრებს“ უჩენდა.